28 აპრილს, გაერო-ს ეგიდით, მთელს მსოფლიოში უსაფრთხო შრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება
ამ დღეს პროფკავშირები სამუშაო ადგილებზე დაღუპულებს იხსენებენ და დაშავებულებს მხარდაჭერას უცხადებენ. სამუშაო ადგილებზე – უსაფრთხო შრომის უზრუნველყოფა, ბოლო წლებში პროფკავშირების მთავარი მოთხოვნა და პრიორიტეტული საკითხი იყო.
მართალია, კანონმდებლობა დაიხვეწა და შრომის უსაფრთხოების მოთხოვნები გამკაცრდა, მაინც რჩება არაერთი ღია საკითხი, რომელიც დახვეწას საჭიროებს. შრომის უსაფრთხოებასა და რეფორმებზე სასაუბროდ, აგრეთვე ბიზნესსა და დასაქმებულებს შორის სოციალური დიალოგის მნიშვნელობაზე, 28 აპრილს პროფკავშირები და მშენებელთა ასოციაცია დისკუსიას გამართავენ. განიხილება შრომით უფლებებთან მიმართებით საკანონმდებლო ცვლილებები და გამოწვევები. შეხვედრას გახსნიან ირაკლი პეტრიაშვილი – საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ანა საბახტარიშვილი – ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის დირექტორი.
დისკუსიის მონაწილეებს გამოწვევებზე სიღრმისეულ ინფორმაციას მიაწვდიან პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე – რაისა ლიპარტელიანი, პროფკავშირების შრომის დაცვის მთავარი ტექნიკური ინსპექტორი – ნიკა კაკაშვილი. შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმობა ვორკშოპს, რომლის ფარგლებშიც, ასოციაციის თავმჯდომარე კომპანია “ინსის” მენეჯმენტის წარმომადგენლები და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე თანამშრომლები, მიიღებენ დამატებით ინფორმაციას სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების დაცვის მექანიზმებზე, დიალოგის სპეციფიკასა და შესაძლებლობებზე. შეხვედრა გაიმართება 28 აპრილს, 16:00 საათზე, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში. მისამართი: ლუბლიანას ქუჩა #13ბ შეხვედრა ორგანიზებულია ამერიკის შრომის დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომლის განმახორციელებლები არიან ამერიკის სოლიდარობის ცენტრი და კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრი. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება – ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი აპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც დასაქმებულთა უფლებებს იცავს.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ითვლის 150 000მდე წევრს. მისი წევრია 21 დარგობრივი პროფესიული კავშირი და 3 ტერიტორიული პროფკავშირული ორგანიზაცია: საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარისა და აფხაზეთის რესპუბლიკური გაერთიანებები, ცხინვალის სამხარეო პროფკავშირის ცენტრი. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება არის პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) და პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERK) დამფუძნებელი და წევრი.
R