კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კახი კავსაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
85 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი, კახი კავსაძე. ყველასათვის საყვარელმა მსახიობმა არაერთი დასამახსოვრებელი და სახასიათო როლი შექმნა და წარუშლელი კვალი დატოვა ქართული თეატრისა და კინოს ისტორიაში, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სამძიმრის წერილშია აღნიშნული.
“მის მიერ განსახიერებული პერსონაჟები საზოგადოებაში დიდი სიყვარულით სარგებლობენ, რაც მსახიობის შემოქმედების უპირობო აღიარებაა.
კახი კავსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ქართული კულტურისათვის.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კახი კავსაძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს მის ოჯახს, ქართული კულტურის მოღვაწეებსა და სრულიად საქართველოს”, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.