„ჩვენი თეატრის სარეაბილიტაციო შენობა ყოველდღიურად სერიოზულად ზარალდება“
ცხინვალის ქართული თესტრის დირექტორი ზაზა თედიაშვილი თეატრის შენობის „სერიოზულად საშიშ მდგომარეობაზე“ წერს.
„მგონი, შეგაწუხეთ წუწუნით, მაგრამ რომ არ ვთქვა, არ შემიძლია. ყოველი წვიმის დროს მოსვენებას ვკარგავ!..გარდა იმისა, რომ ჩვენი თეატრის სარეაბილიტაციო შენობა (პეტრიაშვილის №7) ყოველდღიურად სერიოზულად ზარალდება. სახურავი მთლიანად ავარიულია. კედლები, რისი შენარჩუნებაც პროექტით გათვალისწინებულია და საერთო კონსტრუქციისთვის მნიშვნელოვანია, ფაქტობრივად, იშლება და ინგრევა!..სერიოზულად საშიში მდგომარეობა იქმნება, რამე უბედურება არ მოხდეს!..
შენობის უშუალო სიახლოვეს უამრავი ხალხი მოძრაობს, პატარა ბავშვებით სეირნობენ, თამაშობენ, ვარჯიშობენ ახალგაზრდები, ორიოდ მეტრშია საბავშვო ბაღი და სკოლა.- სხვა რა ვთქვა?!..სასწრაფოდ დასაწყებია სამუშაოები, სასწრაფოდ! მერწმუნეთ, ძალიან საშიშია“!.. – წერს ზაზა თედიაშვილი.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2019 წელს ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს, რომელიც დევნილობაში არის 30 წლის განმავლობაში, გადაეცა ფართი, რომელიც პეტრიაშვილის №7 ნომერში მდებარეობს.
ცხინვალის თეატრის შენობის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაციაც გაიმართა. ახალი შენობის რეკონსტრუქციის დასრულება ცხინვალის თეატრის 150 წლის იუბილეს ემთხვევა.
ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი 1876 წელს დაარსდა.