ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის 99-ე შეხვედრა მიმდინარეობს

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის 99-ე შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება იქნება.

სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის განცხადებით, ქართული მხარე, ზაზა გახელაძის გათავისუფლებას შეხვედრაზე უპირობოდ მოითხოვს. დე ფაქტო რეჟიმის უკანო პატიმრობაში ამ დროისთვის საქართველოს სამი მოქალაქე რჩება. ქართული მხარე, ასევე საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო სადემარკაციო სამუშაოებს გააპროტესტებს.

ბოლო კვირის განმავლობაში, ქარელის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში, რუსი სამხედროების მიერ ახალი მონიშვნები გაჩნდა. ირაკლი ანთაძის თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების კუთხით გამოყენებული იყოს ჰუმანიტარული მიდგომები.

„მთავარი საკითხი არის უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საკითხი. ასევე, მთავარი საკითხი იქნება ბოლო პერიოდში გააქტიურებული ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. ეს უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობას. მთავარი გზავნილები და ჩვენი მოლოდინი არის, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქეები რაც შეიძლება შემჭიდროებულ ვადებში დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს. გამოყენებულ იქნას ჰუმანიტარული მიდგომა, უკანონო ბორდერიზაციის კონტექსტში შეწყდეს ის ქმედებები, რაც საფრთხეს ქმნის. გვსურს, დავსვათ საკითხი, რომ ამ დღეებშიც მაქსიმალურად იქნას დაცული მოსახლეობის უსაფრთხოება. სამწუხაროდ, არის უამრავი გადაუჭრელი პრობლემა, რაზეც აქტიური დიალოგის წარმოება არის შესაძლებელი. თუმცა იმ შემთხვევებში, როცა საკითხი ეხება ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, მის თავისუფლებას, ეს უნდა იყოს ჰუმანიტარულ ჭრილში განხილული“, – განაცხადა ანთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები