ხათუნა სამნიძე ნიკა მელიას განცხადებაზე – ამნისტია ჩვენი ვალდებულებაა, რომელსაც ვერ შევცვლით

ამნისტია არის ჩვენი ვალდებულება, რომელსაც ვერ შევცვლით, ხელშეკრულებაზე უკვე ხელი მოწერილია, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მან  შეაფასა ნიკა მელიას განცხადება, რომელიც მზად არის, ამნისტიის კანონპროექტის გაწვევის შემთხვევაში, ევროკავშირის მხრიდან შემოთავაზებულ გირაოს დათანხმდეს. როგორც სამნიძე ამბობს, ის  გირაოს შესახებ მელიას განცხადებას მიესალმება, რომ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ციხიდან დროულად გათავისუფლდეს.

„მივესალმები ნიკა მელიას ამ გადაწყვეტილებას იმიტომ, რომ ფაქტია, ევროკავშირის გირაოს შეთავაზების მიღება ნიშნავს, რომ ჩვენი პარტნიორები მას აღიარებენ , როგორც პოლიტიკურ პატიმარს. ასე იყო იმ დღიდანვე, როდესაც შემოთავაზებაში გაჩნდა გირაოს გადახდა ევროკავშირის მხრიდან, ეს კარგია. მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოვაწერეთ და ვალდებულებაა ამ ხელშეკრულებაში ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი არის ამნისტია. ამიტომ, ჩვენ უნდა შევასრულოთ ეს ვალდებულება და ამ გზას მივყვებით. მეორე ამბავია რა თქმა უნდა, თუ მედიატორები, რომლებიც ამ დოკუმენტის ავტორები არიან, მათი მხრიდან მოხდება ამ დოკუმენტში რაიმე ცვლილების შეტანა, რა თქმა უნდა, ორივე მხარის თანხმობით, ჩვენ გვახსოვს ხელისუფლების განცხადება, რომ ისინი ხელს მოაწერდნენ დოკუმენტს, თუ მასში ცვლილება აღარ შევიდოდა. ეს არის საკითხი ისევ და ისევ შარლ მიშელის გადასაწყვეტი, ასე ვიტყოდი. ჩვენ ჩვენი ვალდებულებები უნდა შევასრულოთ და ხვალ მივდივართ, რომ დავარეგისტრიროთ.

რაც შეეხება ამნისტიას, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ბრალი მოეხსნას ნიკა მელიას იმისთვის, რომ ამ ხელისუფლებამ ის ისევ არ დააპატიმროს. ამნისტია არის ძალიან რთული საკითხი, რომელიც უნდა აიღონ საკუთარ თავზე იმ ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც ხელი მოაწერეს. ეს არ არის ადვილი პროცესი. ვისურვებდი, რომ ამნისტიაზე ვალდებულება არ მქონდეს, მაგრამ ჩვენ ამაზე 6 თვიანი მოლაპარაკებების პროცესის შემდეგ შევთანხმდით და სხვა ვერსია ჩვენმა მედიატორებმა ვერ დაინახეს“,-განაცხადა სამნიძემ.

ცნობისთვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია საპატიმროდან შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს, რომ გაითხოვონ ამნისტია, და ამ შემთხვევაში, სრულ პასუხისმგებლობას იღებს, დათანხმდეს ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს და ამ პირობით დატოვოს საპყრობილე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები