ემუქრება თუ არა რუსეთი უკრაინას ახალი ომით

უკვე ერთი თვეა, მთელი მსოფლიო უკრაინის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება. ყირიმის ნახევარკუნძულსა და აღმოსავლეთ უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის რეგიონში კრემლმა დამატებითი სამხედრო ძალები გადაისროლა. უკრაინის საზღვრებთან შეიარაღებისა და ჯარისკაცების ასეთი კონცენტრაცია 2014 წლის შემდეგ არ მომხდარა. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ 22 აპრილს განაცხადა, რომ 1-ელ  მაისამდე რუსი სამხედროები სამხრეთ და დასავლეთ სამხედრო ოლქებში მუდმივი დისლოკაციის ადგილებს დაუბრუნდებიან.

„სამხედრო წვრთნამ უკვე მიაღწია მის წინაშე დასმულ ყველა მიზანს”, – თქვა შოიგუმ. პარალელურად, მხოლოდ ერთ დღეში, 25 აპრილს რუსეთმა უკრაინაში ცეცხლი 12-ჯერ გახსნა. უფრო მეტიც, მოსკოვმა თავდასხმისთვის მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღი გამოიყენა.

მოსკოვის განცხადებების მიუხედავად, რომ თითქოს სამხედრო ძალის ასეთი მობილიზება მხოლოდ წვრთნას უკავშირდებოდა და ჯარები უკრაინის საზღვრებს დატოვებენ, ესკალაციის რისკი კვლავ დიდია. 2008 წელი გავიხსენოთ, როდესაც ივლისში რუსეთმა ჩრდილოეთ კავკასიაში ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლება ჩაატარა და, ამ სწავლების დასრულების შემდეგ, ჯარები საქართველოს საზღვართან დატოვა. სულ მალე კი ქვეყნის ტერიტორიაზე შემოიჭრა და დამატებითი სამხედრო ძალის მობილიზებაში დრო აღარ დაუკარგავს.

მარტის ბოლოს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, რუსლან ხომჩაკმა პარლამენტს მიმართა და დეპუტატებს დონბასში მდგომარეობის გამწვავების შესახებ აცნობა. ხომჩაკმა დააზუსტა, რომ, 30 მარტის მდგომარეობით, რუსეთს უკრაინის საზღვრის გასწვრივ და დონბასისა და ყირიმის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტაქტიკური ჯგუფების 30-მდე ბატალიონი ჰყავდა განლაგებული და დამატებით 25-მდე ამგვარი ჯგუფის გადასროლას გეგმავდა. პარალელურად, ინტერნეტში უკრაინის საზღვრებთან რუსული ს-400 სარაკეტო სისტემებისა და სხვა სამხედრო ტექნიკის გადაადგილების ამსახველი ვიდეოები ვრცელდებოდა. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანდა, რომ როსტოვის ოლქის გავლით მოძრავი სამხედრო ტექნიკის სანომრე ნიშნები იდენტიფიცირების გასართულებლად შენიღბული იყო.

ხომჩაკის განცხადებით, 2014 წელს, ყირიმის ოკუპაციის შემდეგ რუსეთმა ნახევარკუნძულზე მულტიფუნქციური სამხედრო ინფრასტრუქტურა განათავსა და ადგილზე 32,700 სამხედრო მოსამსახურე გადაისროლა. რუსეთის ფედერაცია უკრაინას მინსკის შეთანხმებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. ამ დროს კი თვითონ სეპარატისტებს ეხმარება. აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე რუსულმა აგრესიამ, დაახლოებით, 13 ათასი ადამიანი იმსხვერპლა. მარტის ბოლოდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევისა და ვითარების ესკალაციის შემდეგ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ჯამურად, სულ მცირე, 12 ჯარისკაცი დაკარგეს.

კრემლის მიერ კონტროლირებადი რუსული მედია აქტიურად ავრცელებს დეზინფორმაციულ ახალ ამბებს იმის შესახებ, თუ როგორ ხვრეტენ უკრაინელები თავიანთ მშვიდობიან მოსახლეობას, მათ შორის, ხუთი წლის ბიჭს. როგორც ვხედავთ, რუსეთის მეთოდები 2008 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის გასამართლებლად კრემლი ოფიციალურ თბილისსაც უდანაშაულო მოქალაქეების დახოცვას აბრალებდა. ყველას გვახსოვს უკვე ლეგენდად ქცეული „მძინარე ცხინვალის“ დაბომბვის ამბავი, რომელსაც რუსული საინფორმაციო საშუალებები დაუღალავად უყვებოდნენ მაყურებლებს. ახლა კი იგივე მედიასააგენტოები უკრაინელი სამხედროების მიერ ხუთი წლის ბავშვის მკვლელობის შესახებ დაუდასტურებელ ინფორმაციას ავრცელებენ. კრემლის კონტროლირებადი მედია აქტიურად მუშაობს სიცრუის გავრცელებაზე, რომ თითქოს უკრაინასა და ნატო-ს ყირიმში ომის დაწყება სურთ. ფაქტი კი ერთია, მხოლოდ რუსეთის ჯარები პატრულირებენ უკრაინის საზღვრებთან და უკრაინელ სამხედროებს კლავენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მსოფლიო „უკრაინის განადგურების“ საფრთხის შესახებ გააფრთხილა. კრემლის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი კი 5 აპრილს აცხადებდა: „რუსეთი მსოფლიოში არცერთი ქვეყნისთვის არ წარმოადგენს საფრთხეს და, მათ შორის – არც უკრაინისთვის. მაგრამ ჩვენ ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენს საკუთარ უსაფრთხოებას“. რუსეთი ალბათ ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც „საკუთარ უსაფრთხოებაზე“ სხვა ქვეყნის ტერიტორიებზე ზრუნავს. პესკოვმა ისიც თქვა, რომ რუსეთს აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტში მონაწილეობა არასდროს მიუღია. მან ნატო-ც გააფრთხილა და აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მიერ სამხედროების უკრაინის სიახლოვეს განთავსება ვითარების ესკალაციას გამოიწვევს და რუსეთს იძულებულს გახდის, თავდაცვის მიზნით დამატებითი ზომები მიიღოს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის უფრო ღრმად შეჭრას არ გამორიცხავს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი რუსეთს „უკანასკნელი წლების განმავლობაში ყველაზე დიდ სისტემურ ესკალაციაში“ ადანაშაულებს და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდებს.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა და ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინის სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა გამოხატეს და აღნიშნეს, რომ დასავლური სამყარო შეშფოთებულია რუსეთის მზარდი სამხედრო აქტივობებით ქვეყნის საზღვრებთან და ოკუპირებულ რეგიონებში.

მოსკოვი ტრადიციას არ არღვევს და უკვე მერამდენედ ცდილობს, თავდასხმა თავდაცვად შემოგვაპაროს. კრემლი ისევ არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს და უკრაინის სუვერენიტეტს ემუქრება. პუტინი საქართველოს ოკუპაციასაც აგრძელებს და ჩვენს ორ რეგიონში არაოფიციალურ ანექსიას ახორციელებს. რუსეთისთვის პოსტსაბჭოთა სივრცე ბუნებრივად მისი გავლენის სფერო, პირადი საკუთრებაა. კარგი იქნება, ვლადიმირ პუტინს ვინმე კალენდარს თუ აჩუქებს, იქნებ, რუსეთის „ხელმწიფემ“ გაიაზროს, რომ საქართველო და უკრაინა დიდი ხანია, დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან და არა – რომელიმე სხვა ქვეყნის საკუთრება. რუსეთის მიერ ამ ორ ქვეყანაზე თავდასხმა ევროპულ უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს. ამ მომენტში თავისუფლებისთვის ბრძოლის ხაზი უკრაინასა და საქართველოზე გადის და მნიშვნელოვანია, ცივილიზებულმა დასავლურმა სამყარომ რუსეთის იმპერატორს სათანადო პასუხი გასცეს.

ეკატერინე მამფორია

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები