დავით ლიკლიკაძე: პრემიერის განცხადება რეგიონების განვითარების პროგრამაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე “კვირასთან” საუბრისას მთავრობის ინიციატივას რეგიონების მასშტაბური განახლების შესახებ აფასებს.
ლიკლიკაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის მხრიდან მნიშვნელოვანია, რადგან რეგიონებს მეტი ყურადღება უნდა მიექცეს.
“ძალიან მნიშვნელოვანი და, რაც მთავარია, დროული გადაწყვეტილებაა. რეგიონებს სჭირდება განვითარება და ეს გეგმა, რომელიც დეტალურად არის გაწერილი, იმედი მაქვს, დიდი შედეგს გამოიღებს. რეგიონებს პანდემიის გამო დღეს უჭირს, რეგიონების მხარდამჭერი პროგრამის მიღება პრემიერმინისტრის მხრიდან არის სასიცოცხლო მნიშვნელობის და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის მას”, – ამბობს დავით ლიკლიკაძე.
დავით ლიკლიკაძემ იმ საკითხების შესახებაც ისაუბრა, რაც, მისი აზრით, კონკრეტულად ქუთაისშია პრიორიტეტული და, როგორც აღნიშნავს, კარგი იქნება, თუ ამ პროგრამით ეს საკითხები იქნება განსაზღვრული.
“ქუთაისში ვფიქრობ, პირველ ყოვლისა, უნდა გაგრძელდეს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროგრამები, რაც უკვე მიმდინარეობს – გზების მოწესრიგება, სანიაღვრეების მოწესრიგება. ჩვენი ტრადიციული პრობლემა, 24-საათიანი წყალმომარაგება უკვე გადაჭრილია. ჩემი აზრით, ახლა მნიშვნელოვანი იქნება კორპუსების ფასადებისა და გადახურვების მოწესრიგება. გამწვანებასაც უფრო მეტი ყურადღება თუ მიექცევა და უფრო მეტი ნერგი დაირგვება, უკეთესია. თუმცა, აქცენტი მაინც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უნდა გაკეთდეს”, – განაცხადა “კვირასთან” საუბრისას დავით ლიკლიკაძემ.