თავდაცვის ძალების შესახებ კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ლექცია ჩატარდა
“საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში თავდაცვის ძალების შესახებ ლექცია გაიმართა”, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, J-5 სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის სამხედრო სტრატეგიისა და ძალთა დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა, ვიცეპოლკოვნიკმა ლაშა დავითაძემ სამხედრო ისტორიის, თავდაცვის ძალების, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და თანამედროვე გამოწვევების შესახებ კადეტებს პრეზენტაცია წარუდგინა. ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმით დასრულდა. ღონისძიების პარალელურად, კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების ამსახველი ფოტოები გამოიფინა. 30 აპრილს საქართველოს თავდაცვის ძალები 30 წლის ხდება. საიუბილეო ღონისძიებებს თავდაცვის უწყება პრეკამპანიის ფარგლებში მართავს, – აღნიშნულია ინფორმაციაში.