ბორჯომში, გოგიას ციხის მიმდებარედ მყოფ ტურისტებს მაშველებმა დახმარება აღმოუჩინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრიტანეთისა და ეგვიპტის მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ბორჯომში, გოგიას ციხის მიმდებარედ მყოფ ტურისტებს ესაჭიროებოდათ მაშველების დახმარება. დიდი ბრიტანეთის და ეგვიპტის მოქალაქეები ციხის მიმართულებით ფეხით გავიდნენ, თუმცა რთული რელიეფის გამო, უკან დაბრუნება ვეღარ მოახერხეს.
შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა.
მეხანძრე-მაშველებმა გოგიას ციხის მიმდებარედ ორი მოქალაქე იპოვეს და უსაფრთო ადგილას უვნებლად გამოიყვანეს.
მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება”, – აღნიშნულია განცხადებაში.