ლევან კოღუაშვილი ტრაიბეკის საერთაშორისო კინოფესტივალზე ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმით ბრუნდება

ლევან კოღუაშვილის ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმის მსოფლიო პრემიერა ნიუ-იორკში, ტრაიბეკის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება.
როგორც ეროვნული კინოცენტრი მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ფილმი, სახელწოდებით –  „მეოთხე ბრაიტონი“ გვიყვება ამაღელვებელ ისტორიას ქართველი მოჭიდავის – კახის შესახებ, რომელიც ბრუკლინში ჩადის, რათა შვილს აზარტული თამაშების ვალის გადახდაში დაეხმაროს.
ფილმში კახის როლს ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, მსოფლიოს ჩემპიონატის ხუთგზის და ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი – ლევან თედიაშვილი ასრულებს. ერთ-ერთ მთავარ როლშია ასევე ლეგენდარული ქართველი მსახიობი – კახი კავსაძე.
ფილმის დამდგმელი ოპერატორია ფედონ პაპამიქაელი, რომელიც ორჯერ იყო ნომინირებული „ოსკარზე“, როგორც საუკეთესო კინოოპერატორი.
„მეოთხე ბრაიტონი“ წარმოდგენილია კინოფესტივალის საერთაშორისო კონკურსში, სადაც გაიცემა ჯილდოები შემდეგ ნომინაციებში: „საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი“, „საუკეთესო სცენარი“, „საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი“, „საუკეთესო მსახიობი (მამაკაცი)“, „საუკეთესო მსახიობი (ქალი)“.
„მეოთხე ბრაიტონის“ ძირითადი ნაწილი გადაღებულია ნიუ-იორკში, ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. ფილმი საქართველოს, ბულგარეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთისა კოპროდუქციაა. „მეოთხე ბრაიტონის“ ერთ-ერთი თანაპროდიუსერია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, ხოლო თანადამფინანსებელი – საქველმოქმედო ფონდი „ქართუ”.
ლევან კოღუაშვილისა და ტრაიბეკის საერთაშორისო კინოფესტივალის თანამშრომლობა 2006 წელს იწყება, როდესაც რეჟისორმა კინოფესტივალზე მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ვალი“ წარადგინა.
ტრაიბეკის საერთაშორისო კინოფესტივალი 2001 წელს რობერტ დე ნირომ და ჯეინ როზენტალმა დააარსეს და მას შემდეგ ღონისძიება ყოველწლიურად ნიუ-იორკში იმართება. წელს იგი 9-20 ივნისს ჩატარდება და სავარაუდო იქნება პირველი მნიშვნელოვანი ფესტივალი, რომელიც მაყურებლის თანდასწრებით გაიმართება. ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ 1-წლიანი პაუზის შემდეგ, ნიუ-იორკელებს სახლიდან გამოიყვანენ და კინოთეატრებში დააბრუნებენ.
ტრაიბეკის საერთაშორისო კინოფესტივალის 2021 წლის გამოშვება 64 ფილმის ჩვენებას უმასპინძლებს 23 ქვეყნიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები