სენატორებმა რიშმა, შაჰინმა და ჯონსონმა 19 აპრილის შეთანხმების სრულად შესრულების მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუცია წარადგინეს

ამერიკელმა სენატორებმა რონ ჯონსონმა, ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა საქართველოს შესახებ ორპარტიული რეზოლუცია წარადგინეს, რომელშიც საქართველოში ყველა მხარეს 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულების სწრაფი შესრულებისკენ მოუწოდებენ.

სენატი „ქართულ ოცნებას“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და პარლამენტში არჩეულ სხვა პარტიებს მოუწოდებს, სრულად შეასრულონ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ 2021 წლის 18 აპრილს შეთავაზებული კომპრომისი, რომელსაც ხელი 2021 წლის 19 აპრილს მოეწერა.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტის ყველა არჩეულმა წევრმა პარლამენტში თავისი ადგილი უნდა დაიკავოს და დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე.

„სენატი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გაატაროს სისტემური რეფორმები, რომელიც შემუშავებულია დაინტერესებულ მხარეებთან ინკლუზიური და გამჭვირვალე კონსულტაციების გზით, რათა უზრუნველყოს სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა და რომ ის არ იქნება გამოყენებული პოლიტიკური და პარტიული მიზნებისათვის, მათ შორის, „ვენეციის კომისიისა“ და სხვა ექსპერტების რეკომენდაციების მიღებითა და იმპლემეტაციით“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.

სენატორები საქართველოს მთავრობას ასევე მოუწოდებენ, დაიწყოს ინკლუზიურად და გამჭვირვალედ შემუშავებული სისტემური საარჩევნო რეფორმები პოლიტიკური ჩიხის გამომწვევი მიზეზების გადასაჭრელად და ასეთი კრიზისის განმეორების თავიდან ასაცილებლად, მათ შორის ეუთო / ოდირის რეკომენდაციების სრულად მიღებით და განხორციელებით.

„სენატი აცნობიერებს, რომ საქართველოში პოლიტიკური ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა რუსეთის ფედერაციის მცდელობებით, ქაოსი დაეთესა მთელ საქართველოში, მათ შორის არალეგალურად ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე. სენატი შეშფოთებას გამოხატავს, რომ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების განმტკიცების გზაზე არსებული დაბრკოლებები შეანელებს საქართველოს პროგრესს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებების მიღწევისა და ეკონომიკის გაძლიერების კუთხით და ამან ის პირობები შეიძლება წარმოქმნას, რომელიც საქართველოსთვის დახმარების გაწევას განსაზღვრავს“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

სენატორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოში უფრო ძლიერ დემოკრატიას ისეთი მმართველი ინსტიტუტებით, რომელიც კეთილსინდისიერებას, ურთიერთშეკავებისა და ურთიერთგაწონასწორების სისტემას, გამჭვირვალობას, რუსული და სხვა მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობასა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიღწევის შესაძლებლობას აჩვენებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები