აპირებს თუ არა ბჟანია ე.წ.თანამდებობის დატოვებას – დე ფაქტო პრეზიდენტის კომენტარი

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია ე.წ. თანამდებობის დატოვებას არ აპირებს, როგორც ამას ე.წ.ოპოზიციის ნაწილი მოითხოვს.

ამის შესახებ მან “ტასს”-თან საუბარში განაცხადა.

“არჩეული ვარ აფხაზეთის ხალხის მიერ. კონსტიტუცია განსაზღვრავს ჩემი უფლებამოსილების ვადას, ასევე, იქ გაწერილია, თუ რა შემთხვევებშია ვალდებული ქვეყნის პრეზიდენტი, გადადგეს. მოთხოვნა, რომელიც გაჟღერდა – არის მათი სურვილი, ვინც კონგრესს უძღვებოდა. მათ, რა თქმა უნდა, აქვთ უფლება, გამოთქვან საკუთარი მოსაზრება.

მე მზად ვარ, ოპოზიციასთან ვითანამშრომლო. გვსურდა საზოგადოებრივი საბჭოს შექმნა, ოპოზიციური ძალების წარმომადგენლების მონაწილეობით. ჯერჯერობით, ჩვენ ეს ვერ შევძელით, მაგრამ მე ვხვდები პარტიების ლიდერებს, ეს კონსულტაციები და შეხვედრები გაგრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ აღმოვჩნდეთ საინფორმაციო იზოლაციაში: თუ არ მიმითითებენ ზოგიერთ რამეზე, არ მკარნახობენ, მაშინ შეიძლება, ისინი ვერც დაინახო.

სხვათა შორის, ოპოზიცია აბსოლუტურად განსხვავებული პიროვნებებისგან შედგება, ის სხვადასხვა პარტია და ორგანიზაციაა. არიან მომზადებული ადამიანები, არიან ნაკლებად მომზადებულებიც. არიან ისეთებიც, რომლებსაც გულწრფელად სჯერათ, რომ საქმე, რომლითაც ისინი არიან დაკავებულნი, შეიძლება, სასარგებლო იყოს, ისინი ამას ახმოვანებენ და სწორ კითხვებს სვამენ. და არიან ადამიანები, რომლებიც მანიპულირებენ საზოგადოების ცნობიერებით.

ერთი სიტყვით, ჩვენ ვითანამშრომლებთ ოპოზიციის იმ ნაწილთან, რომელიც იქნება კონსტრუქციული, რომელიც იმოქმედებს არსებული კანონების ჩარჩოებში, წესიერების, ეთიკური და სამართლებრივი ნორმების შესაბამისად. ასეთ ოპოზიციასთან ვიმუშავებ. ყოველთვის ვეცდები, მათთან საერთო ენა გამოვნახო. დაუშვებელია იურიდიული ჩარჩოს მიღმა გასვლა, ეს ყოველთვის წამგებიანი ვარიანტია. ვაპირებ მუშაობის გაგრძელებასა და სახელმწიფო პრობლემების მოგვარებას”, – თქვა ბჟანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები