ბჟანია: მშვიდობის უზრუნველსაყოფად მზად ვართ, ნებისმიერ ძალასთან ვისაუბროთ

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, საქართველოსთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერა სამხრეთ კავკასიაში ძალთა გეოპოლიტიკურ გადანაწილებაზე არის დამოკიდებული.

ამის შესახებ მან “ტასს”-თან საუბარში თქვა.

კითხვაზე, რა საკითხების განხილვას გეგმავს აფხაზეთი ჟენევის დისკუსიების მომდევნო რაუნდზე, ბჟანიამ თქვა, რომ უკვე მრავალი წელია, დგას ერთიდაიგივე საკითხი – ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერა.

“ასეთ საკითხს, თითქოს, ქართული მხარეც აყენებს, ამბობენ, რომ კარგი ურთიერთობა უნდა გვქონდეს, ნდობის ხარისხი ავამაღლოთო. ნდობა და ნორმალური ურთიერთობა ომთან ბმაში ვერ იქნება, ხომ ასეა? ბევრი რამეა დამოკიდებული სამხრეთ კავკასიაში ძალთა გეოპოლიტიკურ გადანაწილებაზე. უკეთესია, რომ იყოს მშვიდობა, არ იყოს მშვიდობისკენ დაძალების ისტორიები. აფხაზეთის ხელმძღვანელობა ათვითცნობიერებს, თუ როგორ უნდა მოიქცეს და თანმიმდევრულად გვსურს მტკიცე მშვიდობის უზრუნველყოფა. აფხაზეთის სუვერენიტეტის, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხები არ არის ის თემები, რომელსაც განვიხილავთ ვინმესთან. ეს საკითხი ჩვენთვის გადაწყვეტილია. მაგრამ, მშვიდობა… ვეცდებით მისკენ სვლას. თუ საჭირო გახდა, ყველა ძალასთან ვისაუბრებთ”, – თქვა მან.

ბჟანაის ასევე დაუსვეს კითხვა, ხომ არ იწვევს შეშფოთებას ის, რომ საქართველო ბიოლაბორატორიებს ავითარებს, მათ შორის დასავლელი პარტნიორების ხელშეწყობით.

დე ფაქტო პრეზიდენტის თქმით, “ამან, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მოსახლეობაში უნდა გამოიწვიოს შეშფოთება, რადგან ბიოლოგიურ ლაბორატორიებში იციან თუ არა მასთან სწორად მუშაობა? ხშირად მომხდარა რაიმე უბედური შემთხვევა, გაჟონვა და ა.შ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები