სპეციალური ოპერაციების ძალებში „აისი“-სა და „ახალგაზრდული ლეგიონის“ წარმომადგენლების სწავლება დასრულდა

ვაშლიჯვარში, სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისი”-სა  და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის „ახალგაზრდული ლეგიონის“ წევრების სწავლება სტრესულ სროლებში შეჯიბრით დასრულდა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მონაწილეებს სერთიფიკატები და სასაჩუქრე დაფა სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა გადასცა, მათ წარმატებები უსურვა და მომავალში თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. „აისი”-სა  და „ახალგაზრდული ლეგიონის“ წარმომადგენლებმა ერთობლივად მიიღეს მონაწილეობა სპეცოპერაციების მებრძოლების მიერ ჩატარებულ საცეცხლე მომზადებაში, ავტომატური და სნაიპერული შაშხანით, ასევე, გლოკის სისტემის პისტოლეტით ახლო მანძილზე სროლასა და დასახლებულ პუნქტში ბრძოლის ელემენტების შესრულებაში. მონაწილეებს ორი კვირის განმავლობაში ინდივიდური ვარჯიში საცეცხლე მომზადებაში სპეციალური ოპერაციების ძალების ინსტრუქტორების მიერ ჩაუტარდათ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისი”-სა და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის „ახალგაზრდულ ლეგიონს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. მემორანდუმის თანახმად სამხედრო-სამოქალაქო თავდაცვით საკითხებში ახალგაზრდა თაობის ცოდნის ამაღლების მიზნით, ეტაპობრივად იგეგმება და ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, ორმხრივი შეხვედრები, დიალოგები და კონსულტაციები, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები