„დედამიწის დღე“ „კავკასიურ სახლში“ – სოლიდარობა რიონის ხეობის მცველებს

22 აპრილს მსოფლიოს ყველა კუთხეში დედამიწის დღე აღნიშნება. 22 აპრილს, 16:00 საათზე, „კავკასიური სახლის“ შიდა ეზოში კონფერენცია დაიწყება.
როგორც „კვირას“ „კავკასიური სახლიდან“ აცნობეს, მათ გადაწყვიტეს, ამ თარიღს რიონის ხეობის მცველთა მხარდამჭერი კონფერენციით გამოეხმაურონ, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქვეყანაში მოქმედი წამყვანი გარემოსდამცვითი ორგანიზაციები, ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მთავარი ჯგუფები, კულტურისა და მეცნიერების მოღვაწეები, სამოქალაქო აქტივისტები.
კონფერენციის მონაწილეები შეაფასებენ დღეს არსებულ მდგომარეობას და იმსჯელებენ რიონის ხეობის მცველთა გაძლიერებისთვის გადასადგმელი სამომავლო ნაბიჯების შესახებ.
.თითქმის ორასი დღეა, რიონის ხეობის მცველები ღამეს ღია ცის ქვეშ ათევენ და მორიგი გიგანტური ელექტროსადგურის – ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. პროტესტის მონაწილენი კატეგორიულად (და სრულიად სამართლიანად) ეწინააღმდეგებიან მათ მშობლიურ კუთხეში წყლის უზარმაზარი მასის დაგუბებასა და სოფლების, ტყეების, სამეურნეო სავარგულების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ჩაძირვა-განადგურებას.
ხელისუფლება თვეების განმავლობაში არაფრად აგდებდა ადგილობრივთა წინააღმდეგობას და ცდილობდა პოლიციის ძალებით დაერბია გარემოს დამცველთა კარვები. სამართალდამცველებმა მოთხარეს ადგილობრივთა მიერ აღმართული ჯვარიც (ჯვარი ქრისტიანებისთვის იმის მანიშნებელია, რომ ისინი ღმერთისთვის სასურველ საქმეს აღასრულებენ: იცავენ მის მიერ შექმნილ სამყაროს, სიცოცხლესა და ბუნებას და ამ წმინდა საქმეში უზენაეს არსებას მფარველობას ევედრებიან).
მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ორჯერ დაესხნენ თავს სოფელ ჟონეთში მიმდინარე საპროტესტო აქციას, დემონსტრანტებს ერთი წუთითაც კი არ შეუწყვეტიათ გამოსვლები. ძალოვანთა მესამე შეტევისა და გარემოს დამცველთა ბანაკის განადგურების (ტრაქტორებით გადახვნის) შემდეგ, რიონის მცველებს გუმათჰესთან მოუწიათ გადმონაცვლება და დღემდე აგრძელებენ მშვიდობიან წინააღმდეგობას, სადღეღამისო მორიგეობა აქვთ დაწესებული ქუთაისთან ახლოს მდებარე სოფელში.
ხეობის მცველთა უკომპრომისო ბრძოლის ამბავი უკვე მთელს საქართველოს მოედო. ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალური თვალსაზრისით სრულიად გაუმართლებელი, დანაშაულებრივი გარიგებების შედეგად წამოწყებული პროექტის შესაჩერებლად გაერთიანდნენ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები.
ღონისძიებაზე დაცული იქნება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციები.
მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა №20

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები