„ყველა ჩემს სურათს საქართველოს სიყვარულით ვხატავდი“ – ფელიქს ვარლამიშვილის (ვარლას) დაბადების დღე
22 აპრილი ქართველი მხატვრის, ფელიქს ვარლამიშვილის (ვარლას) დაბადების დღეა.
„ყველა ჩემს სურათს საქართველოს სიყვარულით ვხატავდი და ამის საფუძველზე შევქმენი საკუთარი მხატვრული სტილი“… – ამბობდა მხატვარი, რომელიც დასავლეთის სამხატვრო სამყაროში „ვარლას” სახელით არის ცნობილი.
ქართული ხელოვნების მუზეუმი დაბადების დღესთან დაკავშირებით მის ნამუშევრებს აქვეყნებს.
„ფელიქს ვარლა 1903 წლის 22 აპრილს ქუთაისში დაიბადა. 20-იან წლებში ის ახლადგახსნილ სამხატვრო აკადემიაში ჩაირიცხა. აკადემიაში მისი პედაგოგები იყვნენ: გიგო გაბაშვილი, იაკობ ნიკოლაძე, ევგენი ლანსერე, ოსკარ შმერლინგი, ბორის ფოგელი, იოსებ შარლემანი. 1928 წელს აკადემიის თანაკურსელ, ლუკა ხითარიშვილთან ერთად ცოდნის გასაღრმავებლად, საზღვარგარეთ გაემგზავრა. რამდენიმე თვე სტამბოლში გაატარა. 1929 წელს კი პარიზში ჩავიდა და მონპარნასზე დასახლდა. პარიზში რამდენიმე წელი სიეჟელის ატელიეში მუშაობდა, სადაც ქმნიდა დეკორატიული ხელოვნების ნიმუშებს. 1933 წელს მისი ნახატები პირველად გამოიფინა პარიზში “სპერანცას” გალერეაში. 1934 წელს ცოლად შეირთო წარმოშობით დანიელი მხატვარი ქალი – ზირე ბინდერი.
ფელიქს ვარლამიშვილმა უცხოეთში მეტად რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე წლები განვლო. მიუხედავად ამისა, მას არ დაუკარგავს თვითმყოფადობა და მის მხატვრულ შემოქმედებას ქართული თემატიკა ედო საფუძვლად.
ფელიქს ვარლამიშვილის პერსონალური გამოფენებიდან აღსანიშნავია: პარიზის – 1933, 1947, 1959, 1976, ბუენოს-აირესის 1950, 1951, სან-ფრანცისკოს – 1959, 1960, 1961 გამოფენები. აგრეთვე ნიუ-იორკის, ლოს-ანჟელესის, დალასის, ჰიუსტონის, ტოკიოს, ოსაკას, იოკოჰამას, ბრიუსელის, მონტე-კარლოს, თეირანის გამოფენები. ფელიქს ვარლამიშვილის ნამუშევრები არაერთი ქვეყნის მუზეუმებსა თუ კერძო კოლექციებშია დაცული.
1986 წლის 6 თებერვალს ფელიქს ვარლამიშვილი პარიზში გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, მისი ნეშტი დაწვეს და ფერფლი ლევილის ქართველთა სასაფლაოზე დაკრძალეს.
მხატვრის ერთგულმა მეუღლემ, ზირე ბინდერმა აღასრულა ფელიქს ვარლამიშვილის ანდერძი და მისი ათი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი საქართველოს სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმს უსახსოვრა“, – აღნიშნულია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.