ეროვნული წინააღმდეგობის გაწევის საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში აღმასრულებელ დონეზე ეროვნული წინააღმდეგობის გაწევის საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. თავდაცვის სამინისტროსა და ევროპაში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები დაესწრნენ, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა. ეროვნული წინააღმდეგობის გაწევის საკითხებზე უწყებათაშორისი შეხვედრა საქართველოს მდგრადობის შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად. მსგავსი სახის პროგრამები ხაზს უსვამს აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მტკიცე თანამშრომლობას, – აღნიშნულია ინფორმაციაში.