“თუ “წითელ ხაზებს” გადაკვეთთ, ინანებთ” – პუტინი დასავლეთს ღიად დაემუქრა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ფედერალური საკრებულოსადმი მიმართვით გამოვიდა, რომლის მსვლელობისას დიდი დრო დაუთმო ქვეყნის შიდა საკითხებს, პანდემიას, ასევე, შეეხო საგარეო პოლიტიკას, შეიარაღებისა და სხვა თემებს.

დასავლეთთან ურთიერთობაზე საუბრისას პუტინმა თქვა, რომ რუსეთის მისამართით სანქციების დაწესება უკვე ერთგვარ ტრადიციად იქცა.

მისივე თქმით, ხშირია ასევე მოსკოვის მისამართით ღია უხამსი ქმედებები და გამონათქვამები, რასაც რუსეთი ან არ პასუხობს, ან ძალიან მოკრძალებულად რეაგირებს.

​თუმცა, პუტინის თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანა სუსტია და თუ ვინმე გადაწყვეტს, მასთან ურთიერთობისას “წითელი ხაზები” გადაკვეთოს – “ინანებს ისე, როგორც არასდროს”.

“რასაკვირველია, გვაქვს საკუთარი ინტერესები, რომლებსაც საერთაშორისო სამართლის ფარგლებში დავიცავთ, როგორც ამას სხვა სახელმწიფოები აკეთებენ. მაგრამ თუ ვინმეს არ უნდა ამის გაგება, ირჩევს ეგოისტურ და ქედმაღლურ ტონს ჩვენთან ურთიერთობისას, რუსეთი ყოველთვის იპოვის გზას საკუთარი პოზიციის გასატარებლად.

ამასთანავე, მსოფლიოში უკვე შეეჩვივნენ უკანონო, პოლიტიკურად მოტივირებული სანქციების დაწესებას, სხვებისთვის საკუთარი აზრის უხეშ მოხვევას. არ მთავრდება არამეგობრული აქციები რუსეთის მიმართ. ზოგიერთ ქვეყნებში ძალიან უჩვეულო ტრადიციაც კი დამკვიდრდა – ნებისმიერი მიზეზით, ხშირად კი სრულიად უმიზეზოდ რუსეთის წამოკიდება ერთგვარი სპორტი გახდა, სპორტის ახალი სახეობაა, ანუ ვინც სხვაზე ხმამაღლა დაიყვირებს რამეს. ამ ყველაფრის მიმართ ძალზე თავშეკავებულად ვიქცევით, ირონიის გარეშე შეიძლება, ითქვას, რომ მოკრძალებულადაც კი, ხშირად საერთოდ არც ვპასუხობთ არა მარტო არამეგობრულ აქციებს, არამედ – ღია თავხედობასაც.

გვსურს, საერთაშორისო დიალოგში მონაწილე ყველა მხარესთან მეგობრული ურთიერთობა გვქონდეს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში რაც ხდება, ვხედავთ. მათ შორის, იმათთანაც გვსურს, გვქონდეს კარგი ურთიერთობა, ვისთანაც ბოლო დროს ურთიერთობა, რბილად რომ ვთქვათ, არ გამოგვდის.

ნამდვილად არ გვსურს ხიდების გადაწვა. მაგრამ თუ ვინმე აღიქვამს ჩვენს კეთილ ზრახვებს, როგორც სისუსტეს ან უგულებელყოფას, თვითონ აპირებს საბოლოოდ ამ ხიდების აფეთქებას. და უნდა იცოდეს, რომ რუსეთის პასუხის იქნება ასიმეტრიული, სწრაფი და მკაცრი. ნებისმიერი პროვოკაციის ორგანიზებისას, რომლებიც ჩვენი უსაფრთხოების ფუნდამენტურ ინტერესებს დაემუქრება, ინანებთ ისე, როგორც უკვე დიდი ხანია, აღარ გინანიათ.

​ამასთან, მოთმინებაც გვექნება საკმარისი, პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი, საკუთარი თავისა და სიმართლის რწმენა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს გონებით ვიმოქმედოთ. მაგრამ ვიმედოვნებ, რომ არავის მოუვა თავში რუსეთის წინააღმდეგ “წითელ ხაზის” გადაკვეთა, და სად იქნება ეს “წითელი ხაზი”, ამას თავად განვსაზღვრავთ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები