“გერმანიის კანცლერს აქვს სურვილი, მსოფლიო ჟანდარმის როლი მოირგოს” – სოხუმში ანგელა მერკელს უპასუხეს
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის განცხადება გააკრიტიკა, რომელშიც მან აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ასევე, სხვა რეგიონებში შექმნილ საგანგაშო მდგომარეობაზე ისაუბრა.
როგორც მერკელმა თქვა, “თუ ევროპის გარესაზღვრებს გადავხედავთ, ცხადი გახდება, რომ დღეს მშვიდობა, უსაფრთხოება, სტაბილურობა და კეთილდღეობა არ არის ჩვეულებრივი რამ. ბელორუსში შექმნილი ვითარება, უკრაინის აღმოსავლეთსა და ყირიმში, დნესტრისპირეთში, სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში, მთიან ყარაბაღში, ასევე, სირიასა და ლიბიაში საგანგაშოზე მეტია”, – თქვა ანგელა მერკელმა.
მისივე თქმით, ყველა ამ რეგიონში შეინიშნება ის, რომ ადამიანის ძირითადი უფლებები, ასევე, მედიის თავისუფლება წნეხის ქვეშ არის.
ე.წ. საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ ”გერმანიის კანცლერს აქვს სურვილი, მსოფლიო ჟანდარმის როლი მოირგოს, რომელიც მეთვალყურეობს წესრიგს არა მხოლოდ უკრაინასა და ბელორუსში, არამედ – შუა აღმოსავლეთსა და სამხრეთ კავკასიაში”.
ე.წ. უწყებაში დარწმუნებულნი არიან, რომ მართალია, გერმანიის კანცლერის განცხადებაში არის საუბარი ”საგანგაშო ვითარებაზე” მთელ რიგ რეგიონებში, მაგრამ ამის მიზეზების გამოტოვება ხდება.
“ასე რომ, ქალბატონი მერკელი თითქოს ვერ ამჩნევს კიევის უკიდურესად პროვოკაციულ ქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავს დონბასში ვითარების გამწვავებას. გერმანიის კანცლერი ვერც შავი ზღვის აკვატორიაში შეერთებული შტატებისა და ნატო-ს ქვეყნების გაზრდილ საქმიანობას ხედავს”, – აღნიშნავენ ე.წ. პრესსამსახურში.
ე.წ. უწყებაში მიიჩნევენ, რომ ”ბერლინმა და ევროპის სხვა დედაქალაქებმა უნდა მიიღონ საჭირო ზომები აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბულობის შესამცირებლად”.