რუსმა ჯარისკაცებმა ოკუპირებულ აფხაზეთში სასწავლო სროლები განახორციელეს

რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ორი ათასზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ ოკუპირებულ აფხაზეთში, შავი ზღვის სანაპიროზე საკონტროლო სროლები განახორციელა.

ინფორმაციას სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური ავრცელებს.

აღინიშნება, რომ სწავლებები ჩატარდა გუდაუთისა და “ნაგუალოუს” პოლიგონებზე. სხვადასხვა ქვედანაყოფის პირადმა შემადგენლობამ დავალებების კომპლექსი შეასრულა.

სროლა განხორციელდა AK-74 ტიპის ავტომატიდან; კალაშნიკოვის მსუბუქი ტყვიამფრქვევებიდან; ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებიდან RPG-7; 120 მმ-იანი ნაღმტყორცნებიდან; BTR-82AM იარაღიდან და სხვა სტანდარტული იარაღიდან.

სამხედრო მოსამსახურეებმა ჩააბარეს ტექნიკური, ტაქტიკურ-სპეციალური, სპეციალური და ფიზიკური მომზადების სტანდარტები.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა 500-ზე მეტი ერთეული თანამედროვე სამხედრო ტექნიკა – უახლესი ტანკები T-72B3; BTR-82AM ჯავშანტრანსპორტიორები და 152 მმ-იანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარები – “აკაციები”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები