ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ ნატო-სა და აშშ-ის სადაზვერვო ფრენები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ შავი ზღვის სანაპიროზე ოთხი თვის განმავლობაში დაფიქსირებელია ნატო-სა და აშშ-ის 62 სადაზვერვო ფრენა.

როგორც აფხაზეთის ე.წ. შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ვადიმ კორტავამ განაცხადა, უპილოტო საფრენი აპარატები დაფრინავენ “საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიაზე, ასევე, პერიოდულად გადაადგილდებიან აფხაზეთის აკვატორიისკენ”.

“ეს ძალიან დიდი რიცხვია. თუ ადრე ფრენები სამ დღეში ერთხელ ფიქსირდებოდა, ახლა შესამჩნევია სადაზვერვო ქმედების მნიშვნელოვანი გააქტიურება. ძირითადად, ხორციელდება რუსეთის შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ, ასევე, უპილოტო საფრენი აპარატები ახორციელებენ ფრენებს საქართველოსა და უკრაინაში, და  დონბასში – შეხების წერტილში”, – თქვა მან.

მისივე თქმით, წლის დასაწყისიდან სადაზვერვო თვითმფრინავებმა ცხრა ფრენა შეასრულეს საქართველოს ტერიტორიაზე.

”ეს თვითმფრინავები დაზვერვისთვის არის განკუთვნილი და ბოლო ორი კვირის განმავლობაში ფრენების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა”, – აღნიშნა კორტავამ.

მისი განმარტებით, ვითარება, რომელიც ახლა უკრაინის გარშემო ვითარდება, მსგავსია იმ ვითარებისა, რომელიც 2008 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთში იყო.

”არ არის გამორიცხული, რომ, შეერთებული შტატებისგან სიგნალის მიღების შემთხვევაში, უკრაინა გადავიდეს რაიმე სახის აქტიურ საომარ მოქმედებებზე”, – თქვა კორტავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები