სალომე ზურაბიშვილი: დღევანდელ დღეს საზოგადოებამ ამოისუნთქა და თვითონაც გრძნობს, რომ ეს არის მისთვის გამარჯვების დღე
“დღევანდელ დღეს საზოგადოებამ ამოისუნთქა და თვითონაც გრძნობს, რომ ეს არის მისთვის გამარჯვების დღე”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, შეთანხმება, რომელსაც ხელი მოაწერეს პარტიებმა, ქვეყნის შიდაპოლიტიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
,,დღეს დილიდან ახალი ხელმოწერებია შეთანხმების დოკუმენტზე და ეს იმას ნიშნავს, რომ ის დინამიკა, რომელიც დაიწყო გუშინ, გრძელდება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში გაგრძელდება და მივიღებთ სრულყოფილ შედეგებს. ეს იქნება ყველას გამარჯვება და, პირველ ყოვლოსა, ამ ქვეყნის. შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა და არის თქვენი (შარლ მიშელის) წარმომადგენლის, ასევე, აშშ-ის დახმარებით მიღწეული, ქვეყნის შიდაპოლიტიკური წინსვლისთვის მნიშვნელოვანია. პირველ ყოვლისა, ამას აქვს დიდი მნიშვნელობა საზოგადოებისთვის, რამეთუ ეს საზოგადოება ნამდვილად იყო გადაღლილი, დაძაბული ამ პოლარიზაციით, დაპირისპირებით და ამ გაუთავებელი არეულობებით, თუნდაც შეურაცხყოფილი, იმიტომ, რომ ეს არ არის ის ღირებულებები, რაც ყველამ ვიცით, რომ იყო და უნდა იყოს საქართველოს ღირებულებები. დღევანდელ დღეს საზოგადოებამ ამოისუნთქა და თვითონაც გრძნობს, რომ ეს არის მისთვის გამარჯვების დღე”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.