“მმართველმა გუნდმა საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე იმოქმედა თავისი პასუხისმგებლობით”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა თავისი სახე.
„ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების მიღწევა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტს ოპოზიციის უმრავლესობამ მოაწერა ხელი. რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა თავისი სახე. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „ლეიბორისტული პარტია“. ისინი ევროკავშირის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს არ შეუერთდნენ. ამ ნაბიჯით მათ კიდევ ერთხელ აჩვენეს საკუთარი ორიენტირი და, მათ შორის, პარტიების საგარეო ორიენტირი.
რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, მმართველმა გუნდმა საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე იმოქმედა თავისი პასუხისმგებლობით. ამის შედეგია ჩვენი ქვეყნისა და ქართული დემოკრატიისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის გაფორმება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს პარტიებმა ხელი ოფიციალურად 19 აპრილს მოაწერეს.