„ბანას ტაძარი“ – ანატოლი კალგინის დაბადების დღე

1875 წლის 20 აპრილს საქართველოში მოღვაწე ინჟინერი და არქიტექტორი ანატოლი კალგინი  დაიბადა. ამ დღესთან დაკავშირებით ეროვნული მუზეუმი აქვეყნებს მის ნამუშევარს „ბანას ტაძარი“..

ანატოლი კალგინი XX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული სახელოვნებო საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია. 1900–1930-იან წლებში მისი უშუალო მონაწილეობით მიმდინარეობდა ქვეყნის კულტურული ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პროცესები.

ანატოლი კალგინი არის თბილისის არქიტექტურის გამორჩეული ძეგლის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის (დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის I კორპუსის) შენობის ავტორი (1916 წ.) და საბჭოთა არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ნიმუშის – ზაჰესის (ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგურის) ხუროთმოძღვრული კომპლექსის (1927 წ.) არქიტექტორი.

იგი ექვთიმე თაყაიშვილის ხელმძღვანელობით საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მიერ ტაო-კლარჯეთში მოწყობილი ქართული ძეგლების შემსწავლელი ორი ექსპედიციის მონაწილეა. მის მიერ შესრულებული ძეგლების ანაზომებსა და ჩანახატებს დღემდე განსაკუთრებული სამეცნიერო, მხატვრული და დოკუმენტური მნიშვნელობა აქვს.

2020 წელს ეროვნულ მუზეუმში მომზადდა და გამოიცა წიგნი-ალბომი ანატოლი კალგინის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. წიგნში პირველად გამოქვეყნდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის არქიტექტურული ანაზომებისა და ნახაზების ფონდში დაცული ანატოლი კალგინის შემოქმედების სრული კოლექცია და პარალელური მასალა, მათ შორის, XX საუკუნის პირველი ნახევრის სხვა ავტორების განუხორციელებელი პროექტების საკონკურსო ნახაზები.

ფოტოზე: ანატოლი კალგინი. „ბანას ტაძარი“. რეკონსტრუქცია. 1907. ქაღალდი, ფანქარი.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები