რაჭული ხალხური მუსიკის საღამო

22 აპრილს, 18:00 საათზე,  ონის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში რაჭული ხალხური მუსიკის საღამო გაიმართება. კონცერტი პროექტ „მომღერალი საქართველოს“ ფარგლებში ჩატარდება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტი გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოლკლორული საღამოების გამართვას. არსებული პანდემიური რეალობის გათვალისწინებით, რეგიონული ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები ტარდება ონლაინ, მუზეუმის ფეისბუქის გვერდის საშუალებით. პირველი ონლაინკონცერტი 26 თებერვალს, კახეთში გაიმართა. რაჭული ხალხური მუსიკის საღამოში მონაწილეობას ონის მინიციპალიტეტში მოღვაწე ფოლკლორული ანსამბლი „რაჭა“ მიიღებს.
ფოლკლორული ანსამბლი „რაჭა“ 1965 წელს დააარსა ცნობილმა ლოტბარმა შალვა ჯაფარიძემ, მთის რაჭის საფერხულო, სარიტუალო და ყოფითი სიმღერების მოძიება-აღდგენისა და გაცოცხლების მიზნით. შალვა ჯაფარიძეს დიდი წვლილი მიუძღვის გუდასტვირისა და რაჭული მესტვირული პოეზიის პოპულარიზაციაში. მან ანსამბლთან ერთად შეასრულა და ჩაწერა მესტვირული პოეზიის საუკეთესო ნიმუშები. მამის გარდაცვალების შემდეგ „რაჭას“ ირემა ჯაფარიძე ჩაუდგა სათავეში. იგი ტრადიციისამებრ ამუშავებს საოჯახო არქივში დაცულ აუდიოჩანაწერებს, იწერს და ანსამბლში აცოცხლებს აქა-იქ ჯერ კიდევ შემორჩენილ უცნობი სიმღერების ფრაგმენტებს. „რაჭა“ რეგულარულად მონაწილეობს რეგიონულ და რესპუბლიკურ ფესტივალებსა და ღონისძიებებში. 2016 წელს ანსამბლმა პირველი ადგილი მოიპოვა საერთაშორისო ფესტივალში „Fiestalonia Georgia“. 1987 წელს გამოიცა რაჭის გრამფირფიტა. ანსამბლის მიერ შესრულებული რაჭული „ალილო“ შესულია ვარძიის დაარსების 800 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ალბომში და საშობაო სიმღერების უნიკალურ გამოცემაში. არაერთი ფესტივალის ლაურეატი და ოქროს მედლის მფლობელია.
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მხარდაჭერით 2016 წელს გამოიცა ანსამბლის პირველი აუდიოალბომი.

.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები