„მიუნცკაბინეტი“ – გამოფენა გორში

გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიხსნა მუდმივმოქმედი ნუმიზმატიკური ექსპოზიცია – „მიუნცკაბინეტი“.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, გორის მუზეუმის ნუმიზმატიკურ ექსპოზიციაზე წარმოდგენილი საგანძური, როგორც ქრონოლოგიური დიაპაზონით, ასევე შემადგენლობით, ერთიანი საქართველოს ნუმიზმატიკური ექსპოზიციის მოდელს წარმოადგენს, პრემონეტარული ეპოქიდან (ძვ.წ. II-I ათასწლეული) მოყოლებული 1834 წლამდე.
გორის მუზეუმში დაცული მონეტების დიდი ნაწილი ცნობილი ქართველი მეცნიერის სერგი მაკალათიას პირადი კოლექციიდანაა, რომელიც მან საქართველოში შეაგროვა და შემდგომ გორის მუზეუმს უანდერძა.
საქართველოს სხვა რეგიონული მუზეუმების ნუმიზმატიკური ექსპოზიციებისგან გორის „მიუნცკაბინეტს“ მრავალფეროვანი კოლექციების გარდა, სპეციალური დიზაინით შექმნილი ვიტრინაც გამოარჩევს. თანამედროვე სამუზეუმო განათება, მხატვრული ინსტალაცია, სადაც ოპტიკური ლინზის საშუალებით დამთვალიერებელს შეუძლია მონეტის ორივე მხარე ახლოდან ნახოს, რაც მას პასიური ვიზიტორიდან გამოფენის მონაწილედ ხდის. ექსპოზიციის დიზაინი საშუალებას აძლევს ვიზიტორს სრულად შეიგრძნოს მონეტა, როგორც პოლიტიკურ-ეკონომიკური დატვირთვის მქონე ხელოვნების ნიმუში და ამავდროულად სახელმწიფოებრიობის საფუძველი.
გამოფენის მთავარი მონაწილე და მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული მუზეუმი, რომელიც თავისი ინტელექტუალური რესურსების გამოყენებით დაეხმარა გორის მუზეუმს იქ დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების როგორც შესწავლასა და ეფექტურ მოვლა-პატრონობაში, ასევე, ექსპოზიციის მოწყობაში.
გამოფენის კონცეფციის ავტორი და კურატორია საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ნუმიზმატი მაია პატარიძე. გამოფენის დიზაინი – ვახტანგ ხოშტარია. ნუმიზმატიკური ძეგლების რესტავრაცია-კონსერვაციაც ასევე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებს ეკუთვნის: თეა კინწურაშვილს, დავით ფარჯანაძეს და ნინო თავართქილაძეს.
გამოფენის გახსნასთან ერთად, საზოგადოება გაეცნობა ნაშრომს – „ნუმიზმატიკური შედევრები გორის მუზეუმიდან“, რომლის ავტორია მაია პატარიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები