ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის განცხადება, რომელიც უკავშირდება შეწყალების საკითხს, იყო აბსოლუტურად ლოგიკური
“პრეზიდენტის განცხადება, რომელიც უკავშირდება შეწყალების საკითხს, იყო აბსოლუტურად ლოგიკური”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არის სწორედ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც უსმენს დასავლელ პარტნიორებს.
,,პრეზიდენტის განცხადება, რომელიც უკავშირდება შეწყალების საკითხს, იყო აბსოლუტურად ლოგიკური. მან იმოქმედა ლოგიკის შესაბამისად, რომელიც შეთანხმების დოკუმენტში იყო ასახული.
„ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის, რომ სწორედ ჩვენ ვართ ჭეშმარიტად პროევროპული, პროდასავლური, პროამერიკული პოლიტიკური ძალა, რომელიც უსმენს დასავლელ პარტნიორებს. მეორე მხრივ, ოპოზიციამ გამოავლინა ის, რომ მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია ის, თუ რაზე საუბრობენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ეს გამოჩნდა, მაგალითად, როცა ჩვენ პირველად დოკუმენტს მოვაწერეთ ხელი და ოპოზიციამ თქვა კატეგორიული უარი. თქვენ გახსოვთ, გუშინდელი განცხადებებიც უკვე მეორე დოკუმენტთან დაკავშირებით. ზღვარი მკაფიოდ ივლება. „ქართული ოცნება“ არის სწორედ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც უსმენს დასავლელ პარტნიორებს და ოპოზიცია აკეთებდა მთელი ამ ხნის განმავლობაში საპირისპიროს. თუმცა, იმედია, ისინი გადაერთვებიან უკვე პროდასავლურ რიტორიკაზე მომავალში. მინდა, კიდევ ერთი რამ ვთქვა, ეს შეთანხმება და ეს პროცესი საბოლოოდ უზრუნველყოფს, რომ საქართველო „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით თამამად წარადგენს 2024 წელს ოფიციალურ განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განმარტა, თუ რა შემთხვევაში შეიწყალებს გიორგი რურუას.