„შეხვდი მეცნიერს“ – ნანა ბურჭულაძე ქართული სიძველეების შეგროვების, კვლევისა და რესტავრაციის შესახებ

20 აპრილს, 16:00 საათზე,  ეროვნული მუზეუმის ონლაინსაუბრების სერიის – „შეხვდი მეცნიერს“ ფარგლებში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის შუა საუკუნეების კოლექციების მთავარი კურატორი ნანა ბურჭულაძე მეორე შეხვედრას გამართავს, XIX-XXI საუკუნეებში ქართული სიძველეების შეგროვების, კვლევისა და რესტავრაციის შესახებ.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ლექციის მიზანია, მსმენელი გაეცნოს ხელოვნების მუზეუმის საგანძურში დაცული ქრისტიანული სიძველეების შეგროვების, კვლევისა და რესტავრაციის ისტორიას, რომელიც XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან იღებს სათავეს და საქართველოში სამუზეუმო საქმიანობის განვითარების ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორად ითვლება. ამ პროცესში ერთობლივად მონაწილეობდნენ ქართველი სახელმწიფო და სასულიერო მოღვაწეები, რომელთაც სურდათ საეკლესიო საგანძურის არა მხოლოდ გადარჩენა, არამედ მეცნიერული შესწავლაც. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო შუა საუკუნეების საქართველოს სასულიერო კულტურისა და სახვითი ხელოვნების შესახებ ცოდნის ჩამოსაყალიბებლად და გასაღრმავებლად. აუდიტორია გაეცნობა იმ ხანგრძლივსა და რთულ გზას, რომელიც ხელოვნების მუზეუმში დაცულმა ეროვნულმა საგანძურმა დღემდე გამოიარა. ასევე, საუბარი იქნება ხელოვნების ნიმუშების კვლევასა და პოპულარიზაციაზე, რაც უკანასკნელ პერიოდში ხორციელდება.
შეხვედრა ZOOM-ის პლატფორმაზე გაიმართება
დასასწრებად, სსავალდებულოა რეგისტრაცია: https://bit.ly/2Q7B9hV

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები