„ძლევაი საკვირველის“ 900 წლისთავისადმი მიძღვნილი, პატრიოტულ თემაზე შექმნილი ნაწარმოებების კონკურსი
საქართველოს მწერალთა კავშირი აცხადებს კონკურსს პოეზიაში პატრიოტულ თემაზე შექმნილ ნაწარმოებებზე.
მათივე ინფორმაციით, კონკურსი ეძღვნება „ძლევაი საკვირველის“, ანუ 1121 წლის 12 აგვისტოს დავით აღმაშენებლის წინამძღოლობით თურქ-სელჩუკთა მრავალათასიან ჯარზე საქართველოს ისტორიაში უდიდესი გამარჯვების 900 წლისთავს, რამაც საფუძველი დაუდო ერთიანი, ეკონომიკურად ძლიერი საქართველოს წინსვლას და კულტურის აღორძინებას.
საქართველოს გმირული წარსული, მისი მომავალი, დღემდე ცნობილი თუ დროის უკუღმართობით დაუვიწყარი, დაუდაფნავი გმირები, ჩვენი ღირსეული თანამედროვენი, ქართველი წმინდანები, ციხე-ტაძართა საგალობელი, აი, საკონკურსო ლექსების ლაიტმოტივი.
ღია კონკურსზე უნდა წარმოადგინონ 2 ლექსი, ერთი დღემდე ცნობილი ავტორისთვის სავიზიტო ბარათად ქცეული, ხოლო მეორე – ახალი ლექსი, ზემოთხსენებულ თემატიკაზე, ასევე მცირე ბიოგრაფია.
კონკურსის ბოლო ვადაა 2021 წლის 25 მაისი.
საუკეთესო მასალები შევა „ძლევაი საკვირველის“ საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი პატრიოტული პოეზიის ანთოლოგიაში.
გაიცემა გრან-პრი (1000 ლარის ოდენობით) და 5 მომინანქრებული ოქროს მედალი დავით აღმაშენებლის გამოსახულებით.
კონკურსის მხარდამჭრები არიან: საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარისა და იმერეთის მწერალთა ორგანიზაციები, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია, მარნეულის, ბოლნისის, თეთრიწყაროს, ქუთაისის მერიის მუნიციპალიტეტები, აჭარის მწერალთა სახლი.
მასალები უნდა გამოიგზავნოს ელფოსტაზე: writersunionofgeorgia@gmail.com
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: 591-300-822 , 571-046-421 ; 599-38-12-74