ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიურ სესიას ქარᲗველი პარლამენტარები დაესწრებიან
19-20 აპრილს, ვიდეო-კონფერენციის ფორმატში, გაიმართება ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სესია საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტების ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილისა და ევროპარლამენტარის, ანდრიუს კუბილიუსის ხელმძღვანელობით. Პარლამენტის ინფორმაციით, სესიის ფარგლებში, 19 აპრილს გაიმართება ასამბლეის საკომიტეტო მოსმენები, რომლებზეც თითოეული კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომზადებულ რეზოლუციებს განიხილავს და მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების კომიტეტის მიერ მომზადებული რეზოლუციის: „ცხოვრების ხარისხი, გამართული ჯანდაცვის სისტემა და მდგრადი საპენსიო რეფორმები ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში” თანაავტორია საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი – შალვა პაპუაშვილი. 20 აპრილს დაგეგმილია საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სესიის ოფიციალური გახსნითი ნაწილი, რომელზეც სესიის დელეგატებს სიტყვით მიმართავენ ევროპარლამენტის პრეზიდენტი – დევიდ სასოლი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტები – მაკა ბოჭორიშვილი და ანდრიუს კუბილიუსი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე – არჩილ თალაკვაძე და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები. პლენარული სესიის განხილვის მთავარი თემა იქნება ,,პოსტკოვიდ ვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, აღდგენის, მედეგობისა და დემოკრატიზაციის პერსპექტივები”, რომელზეც საქართველოს მხრიდან მოხსენებას გააკეთებს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი.
მთავარ თემაზე სპიკერების გამოსვლის შემდეგ გაიმართება დებატები ასამბლეის წევრების მონაწილეობით. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის საპარლამენტო განზომილება, რომელიც ევროპარლამენტის 60 წევრის და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებისგან – 10 წევრი თითოეული ეროვნული პარლამენტიდან: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა (ბელორუსის მონაწილეობა დროებით შეჩერებულია) შედგება. პლენარული სესია იმართება ყოველწლიურად მონაცვლეობით ბრიუსელსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან ერთ-ერთ დედაქალაქში. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გათვალისწინებით, მიმდინარე წელს, საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სესია, ვიდეო-კონფერენციის ფორმატში გაიმართება.