„საქართველოს ბანკში” მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

სასამართლომ „საქართველოს ბანკში“ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ბრალდებულ ნიკოლოზ წურწუმიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

“დამნაშავედ ვცნობ ჩემს თავს”, – ამ სიტყვებით წარსდგა პროცესზე ბანკზე თავდასხმაში ბრალდებული წურწუმია.

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 16 აპრილს, ქ. თბილისში,  ნ.წ. -მ  ხმოვანი პისტოლეტით,  სს ,,საქართველოს ბანკი“-ს ერთ-ერთ ექსპრეს სერვის ცენტრში, მძევლად ხელში ჩაიგდო აღნიშნული სერვისცენტრის ოთხი თანამშრომელი, სერვისცენტრის უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრატორი და საოპერაციო დარბაზში მყოფი სერვისის მომხმარებელი.  ნ.წ.-მ იარაღის გამოყენების მუქარით, ბანკში მყოფ პირებს  შესასვლელი კარი ჩააკეტინა და მათ თავისუფალი გადაადგილების უფლება შეუზღუდა.  შემდეგ კი იარაღის გამოყენების მუქარით, იძულებით ერთ-ერთ თანამშრომელს   შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ის ცხელ ხაზზე  დაარეკინა და მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ  გარკვეული პირობები დააყენა.
“სამართალდამცველებმა ნ.წ. 16 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „ი“ ქვეპუნქტებით (მძევლად ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულოს ორგანიზაცია და პირი, შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, ჩადენილი ორი და მეტი პირის მიმართ, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც  სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები