ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციისთვის დემოკრატია მხოლოდ ფარსია და რეალური ნაბიჯები, რასაც დემოკრატიული პროცესის მიმართ ერთგულება ჰქვია, მათთვის არაფერს წარმოადგენს

ოპოზიციისთვის დემოკრატია მხოლოდ ფარსია, ხმამაღლა საძახებელი სიტყვაა და რეალური ნაბიჯები, რასაც მართლა დემოკრატიული პროცესის მიმართ ერთგულება ჰქვია, მათთვის არაფერს წარმოადგენს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც არის ერთობლივი დოკუმენტი, შემოთავაზებული ევროკავშირის მიერ.

„ეს დოკუმენტი არის შარლ მიშელისაც, დანიელსონისაც და მთლიანად ევროკავშირის. გამომდინარე აქედან, ოპოზიციის სპეკულაციები, შარლ მიშელისა და მის წარგზავნილს შორის უთანხმოების ჩამოგდებასთან დაკავშირებით, არის ყოვლად უაზრო და არანაირი საფუძველი ამას არ გააჩნია. საქმე გვაქვს იმასთან, რაც თავიდანვე იყო ცნობილი. სამწუხაროდ ის ოპოზიცია, რომელიც დღეს საქართველოს გააჩნია, არ არის მოწადინებული იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილური ვითარება, დემოკრატიული განვითარების პროცესი და ა.შ. ნებისმიერი სხვა დემოკრატიული პროცესი, მათ შორის ფართო კონსენსუსი, რომელიც ევროკავშირისა და ევროპული დემოკრატიის საუკეთესო მაგალითების გათვალისწინებით იქნა ასახული ამ დოკუმენტში, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ ხელი მოაწერა, მათთვის კვლავ მიუღებელი რჩება. დემოკრატია მათთვის მხოლოდ ფარსია, ხმამაღლა საძახებელი სიტყვაა და რეალური ნაბიჯები, რასაც მართლა დემოკრატიული პროცესის მიმართ ერთგულება ჰქვია, მათთვის არაფერს წარმოადგენს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ამ დოკუმენტზე ხელის მოწერით, გააგრძელებს და დაიწყებს იქ აღნიშნულ რიგი საკითხების გატანას პარლამენტში.

„ამნისტიასთან დაკავშირებითაც ჩვენ ცალსახად ვთქვით, თუ იქნება სასამართლოს მიერ დადგენილი გირაო გადახდილი, მზად ვართ, რომ პოლიტიკური ამნისტიის აქტი მიიღოს პარლამენტმა, რომელიც 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ყოველგვარი სპეკულაციის საფუძველს მოსპობს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

16 აპრილს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერის გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები