სახალხო დამცველი მსახიობ ნინუცა მაყაშვილზე შესაძლო ოჯახური ძალადობის ფაქტს და მასზე შესაბამისი უწყებების მხრიდან განხორციელებულ რეაგირებას შეისწავლის
სახალხო დამცველი მსახიობ ნინუცა მაყაშვილზე შესაძლო ოჯახური ძალადობის ფაქტს და მასზე შესაბამისი უწყებების მხრიდან განხორციელებულ რეაგირებას შეისწავლის.
აღნიშნულთან დაკავშირებით ომბუდსმენის აპარატი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია საგამოძიებო უწყებების მხრიდან ეფექტიანი რეაგირება, რათა სავარაუდო დანაშაულს პასუხი კანონის ფარგლებში გაეცეს.
„საქართველოს სახალხო დამცველი თვალს ადევნებს მსახიობ და ტელეწამყვან ნინუცა მაყაშვილის მიერ, ოჯახში შესაძლო ძალადობის შესახებ გაკეთებული განცხადების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოების ნაწილი კვლავ არ არის სოლიდარული ძალადობის მსხვერპლ ქალთა მიმართ, აღნიშნულზე ღიად საუბარი დიდ გამბედაობას და სიმამაცეს მოითხოვს და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მას.
საზოგადოების დიდი ნაწილის სოლიდარობის მიუხედავად, აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით არაერთი დისკრიმინაციული განცხადება გაკეთდა, მათ შორის საჯარო პირების მხრიდან. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო რუსთაველის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რობერტ სტურუას, პარლამენტის წევრის ელისო ბოლქვაძის და სხვათა კომენტარები, ქალის ფინანსურ ინტერესსა თუ საჯაროდ დაგვიანებით საუბართან დაკავშირებით. ასეთი განცხადებები აკნინებს ძალადობის ფენომენის სერიოზულობას და მსხვერპლებს საზოგადოების მხარდაჭერის და ძალადობისგან თავის დაღწევის რწმენას უკარგავს.
საქართველოს სახალხო დამცველს მნიშვნელოვნად მიაჩნია საგამოძიებო უწყებების მხრიდან ეფექტიანი რეაგირება, რათა სავარაუდო დანაშაულს პასუხი კანონის ფარგლებში გაეცეს. ამასთან, მოუწოდებს საზოგადოებას და განსაკუთრებით საჯარო პირებს, თავი შეიკავონ ძალადობის წამახალისებელი, მისი მნიშვნელობის დამაკნინებელი და დისკრიმინაციული განცხადებებისგან. სახალხო დამცველის აპარატი, მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, შეისწავლის აღნიშნულ შემთხვევას და მასზე შესაბამისი უწყებების მხრიდან განხორციელებულ რეაგირებას“,- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გადაცემაში „ფარული კონვერტი“ განაცხადა, რომ მას ყოფილი მეუღლე ფიზიკურად უსწორდებოდა, თუმცა, ამის შესახებ წლების განმავლობაში დუმდა. აღნიშნულ ფაქტს ბესო ზანგური უარყოფს. მსახიობ ბესო ზანგურს სოლიდარობა რეჟისორმა რობერტ სტურუამ გამოუცხადა, რამაც საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. მოგვიანებით, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თეატრიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა, თუ გააგდებენ.