„ალექსანდრე ორბელიანი. 150 ამბავი“ – როსტომ ჩხეიძის წიგნის წარდგენა

16 აპრილს, 18 საათზე, „მზიურის“ ამფითეატრში როსტომ ჩხეიძის ახალი „თან საკითხავი“ წიგნის – „ალექსანდრე ორბელიანი. 150 ამბავი“ – წარდგენა გაიმართება.
„საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ორსაუკუნოვან ისტორიაში უმნიშვნელოვანეს ფიგურად გვევლინება ალექსანდრე ორბელიანი. მისი სახელი 1832 წლის შეთქმულებას უკავშირდება. სწორედ ის იყო შეთქმულების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, ისევე, როგორც თავის ეპოქაში თავისუფლებისთვის ბრძოლის სულისკვეთების გამღვივებელი და სიკვდილამდე ამ იდეის ერთგული.
150 ამბავში ცოცხლდება მე-19 საუკუნის დრამატული ისტორია – პერსონაჟებით, იმედითა და უიმედობით, ღალატითა და თავგანწირვით. ცოცხლდება ტრაგიკული გმირის სახე, რომელიც ფატალური ცხოვრებით, დაუცხრომელი ბრძოლის ჟინით და ღირსებით ძალიან ჰგავს თავისივე ქვეყანას. ეს ქვეყანა დღემდე იბრძვის რუსული იმპერიის წინააღმდეგ და ამ ხანგრძლივ ბრძოლაში გამოჩენილ გმირთა დავიწყება დამარცხებასაც ნიშნავს“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული შეზღუდვების გათვალისწინებით, ღონისძიებაზე დაცული იქნება საზოგადოებრივი ჯანდაცვის უზრუნველყოფისთვის დადგენილი წესები: თითოეული სტუმარი ვალდებულია ატარებდეს პირბადეს; ღონისძიებაზე მოსული ადამიანები გაივლიან თერმოსკრინინგს; დაცული იქნება ორმეტრიანი დისტანცია; ასევე, ადგილზე დაგხვდებათ ანტისეპტიკური საშუალებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები