ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საზღვრის გახსნაზე ღიად ალაპარაკდნენ
გალის “ადმინისტრაციის ხელმძღვანელი”, კონსტანტინე ფილია საქართველოსთან დე ფაქტო საზღვრის გახსნაში პრობლემას ვერ ხედავს და მომხრეა, რომ გალელებისთვის თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა იყოს შესაძლებელი.
როგორც მან განაცხადა, ე.წ. საზღვრაზე განთავსდება კორონავირუსზე ტესტირების პუნქტი.
“საზღვარი უნდა გაიხსნას მხოლოდ გალელებისთვის, მხოლოდ ჩვენი გალელები შეძლებენ გადასვლას. ეს ის ხალხია, რომელთაც 30 წელია, სახეზე ვიცნობთ. იქ არ დარჩნენ ისეთი ადამიანები, ვისაც კავშირი ჰქონდა 1992 წლის ომთან. გალში დღეს ცხოვრობენ ადამიანები, რომელთაც ხელში იარაღი არ აუღიათ, არც მათ, არც მათ შვილებს. ისინი ჩვენს ქვეყანაში ჩვენთან ერთად საკუთარ მშობლიურ სახლებში ცხოვრობენ. მე მესმის საუბრები, რომ გავაუქმოთ საზღვარი, დავნაღმოთ და ა.შ. – ეს არ არის სწორი, ამას ის ხალხი ამბობს, ვინც არაფერი იცის. აქ საუბარია მხოლოდ გალელებზე, რომელთაც ყველა პოლიციელი პირადად იცნობს. რა არის პრობლემა?
გვაქვს სახელმწიფო და გვყავს მთავრობა, პარლამენტი, რომელიც დაადგენს, რისი შემოტანა შეიძლება საზღვარზე და რისი – არა.
თუმცა, ამავდროულად, აუცილებლად გასათვალისწინებელია კოვიდსიტუაციაც, როგორ განვითარდება მოვლენები. თუ კოვიდ 19-ზე ტესტირების პუნქტი დაიდგმება, საზღვრის გახსნა შესაძლებელია”, – თქვა კონსტანტინე ფილიამ.
შეგახსენებთ, რომ 7 აპრილს მდინარე ენგურში 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ისინი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარის საშუალებით ცდილობდნენ.