გიორგი ცუცქირიძე: აქცენტების გადატანა ქსენოფობიურად თურქული წარმოშობის კომპანიაზე რუსული ვექტორის ინტერესი შეიძლება, იყოს

“რაც შეეხება თურქულ კომპანიას, რომლის დემონიზაციაც ასე ღიად მიმდინარეობს, იგი ჰესებს აშენებს მსოფლიოს 60 ქვეყანაში, დაწყებული ავსტრალიიდან დასრულებული სამხრეთ ამერიკამდე, უფრო მეტიც, ეს კომპანია არის თეთრი სახლის კონტრაქტორი კომპანია”, – ამის შესახებ ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

ექსპერტი ნამოხვანში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

,,მინდა, ძალიან მარტივი და გასაგები ენით ავხსნა, თუ რა დევს ახლა სასწორზე ნამახვანში. მთელი ამ პიარკამპანიის დედააზრი, რასაც განსაკუთრებით ოპოტელევიზიები ამ დღეებში გადმოცემენ, არის მიმართული არა ამ პრობლემის მოგვარებისაკენ, არამედ პირიქით კიდევ უფრო დიდი ჩიხისაკენ, იყენებენ რა ამ პროტესტში ჩართულ გულწრფელ ადამიანთა გრძნობებზე მანიპულაციების მთელ არსენალს.
ამაზე მიუთითებს, თუნდაც აქცენტების გადატანა, პროტესტანტების იმ ნაწილზე, რომლებსაც პრობლემის მთელი არსი, ხაზგასმულად და ქსენოფობიურად, თურქული წარმოშობის კომპანიაზე გადააქვთ, რითაც პირდაპირ და ვერბალურადაც, რუსული ვექტორის ინტერესი შეიძლება იყოს. ენერგეტიკა, რომ რუსული გეო პოლიტიკის წამყმვანი ინსტრუმენტია, ეს ჩვენ გარდა ევროპასაც კარგად აქვს გამოცდილი თავის თავზე.
რეალურად ამ პრობლემის დედააზრი კი იმაში მდგომარეობს, რომ ამ პროექტის ამ ფორმით დასამარება ნიშნავს, ზოგადად, ჰესების მშენებლობის ტორპედირებასაც საქართველოში.

რაც მთავარია – ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ 5 წელიწადში ეკონომიკური ზრდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო პროგნოზითაც კი არათუ რეგიონში, არამედ, ევროპაში ყველაზე მაღალი იქნება, რაც ქვეყანაში ელექტროენერგიაზე მოთხოვნას გაორმაგებს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ თავიდან ბოლომდე გავხდებით რუსეთზე დამოკიდებული. ხოლო ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე რასაც ნიშნავს უკვე ნანახი გვაქვს – ეს არის მთავარი პოლიტიკური იარაღი ოკუპანტის ხელში.

ამიტომ, ენერგოდამოუკიდებლობა არის დღეს პრიორიტეტული და ნამახვანი და სხვა ასამდე ჰესი, მათი სიმძლავრეების სხვადასხვა სიდიდის მიუხედავად, რომლებიც ასევე დაბლოკილია პრაქტიკულად, იმავე სარჩულით, უნდა აშენდეს, ალტერნატიული ენერგიის წყაროების მაქსიმალური გამოყენებით, რათა საქართველოს ჰქონდეს საკუთარი ენერგია და არ იყოს დიდწილად დამოკიდებული გარე რესურსებზე.
ჩემი პოზიცია ამ პროცესების მიმართ ცნობილია და არაერთი საკმაოდ კრიტიკული პოსტიც მაქვს დადებული.

ამ ყველაფრის ანალიზით დავამატებდი – ყოვლად მიუღებელია პროცესების პოლიტიკურ ჭრილში გადატანის მცდელობა, რასაც ნაცოპოზიციასთან უნისონში, ნებსით თუ უნებლიედ, ცალკეული ინტერესთა ჯგუფები ცდილობენ! და, ფაქტობრივად, 15 მაისს დაანონსებული აქციის მხადაჭერას უფრო ემსახურება.
ამ პროექტის ირგვლივ კი უნდა გაიმართოს ფართო დისკუსია და მიმაჩნია, რომ ეს აქამდეც უნდა მომხდარიყო, ყველა იმ კითხვაზე უნდა იქნას პასუხი გაცემული, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, რაც დაასრულებს სპეკულაციებს არა მხოლოდ ამ თემაზე, არამედ საინვესტიციო სტრატეგიასა და ენერგეტიკის პოლიტიკაზეც, ზოგადად!.

რაც შეეხება თურქულ კომპანიას, რომლის დემონიზაციაც ასე ღიად მიმდინარეობს, იგი ჰესებს აშენებს მსოფლიოს 60 ქვეყანაში, დაწყებული ავსტრალიიდან დასრულებული სამხრეთ ამერიკამდე. უფრო მეტიც, ეს კომპანია არის თეთრი სახლის კონტრაქტორი კომპანია. ინვესტიციასთან ერთად, ეს არის ასობით სამუშაო ადგილი, ასობით სოციალური პროექტი და ხალხის დაბრუნება ხეობაში”, – წერს ცუცქირიძე.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები