ირაკლი კობახიძე: გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ISFED-თან დაკავშირებული მანიპულაციის ავტორი იყო სწორედ გვარამიას პარტია და არა – ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი

ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის რაც ISFED-მა გააკეთა, ეს არ იყო მარტივი შეცდომა და ეს იყო შეგნებული მანიპულაცია. ამაზე ბევრი რამ მეტყველებს. ანუ, გარდა იმისა, რომ რაღაც ინფორმაციებიც გვაქვს, ბევრი რამ ლოგიკურადაც მეტყველებს იმაზე, რომ ეს არ იყო მარტივი შეცდომა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „აიპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კობახიძემ აღნიშნულ ფაქტამდე განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

„2020 წლის პირველ ნოემბერს გამოქვეყნდა ISFED-ის მონაცემები, თანაც ძალიან საეჭვოდ. როგორც წესი, ყოველთვის 10:00-11:00 საათზე ქვეყნდება-ხოლმე მონაცემები და პირველად მოხდა 18 წლის მანძილზე ის, რომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, 10:00 საათზე იყო დაანონსებული შედეგების გამოქვეყნება და გადაიდო 14:00 საათზე. აქედან გაჩნდა ეჭვი, რომ იქ რაღაცაში იყო საქმე და რაღაც ცუდი მზადდებოდა. როდესაც გამოქვეყნდა შედეგები და იქ დაფიქსირდა სერიოზული აცდენა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შედეგსა და ამ მონაცემებს შორის, ბუნებრივია, დავინტერესდით და მე პირადად, ორ ნოემბერს, ანუ, უკვე მეორე დღეს, შევადგინე მარტივი ცხრილი. ერთ მხარეს იყო ასახული ცესკოს მონაცემები, მეორე მხარეს იყო ასახული ეს მონაცემები და ვნახე, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას უჯდებოდა მინუსი.

ძალიან მარტივი დასადგენი აღმოჩნდა, რომ იყო აშკარად მინიმუმ ხარვეზი ამ PVT-ის შედეგებში. უფრო მეტი, „დემოკრატიული მოძრაობის“ ქვემოთ რაც პარტიები იყო, პლუს 3,5% დაჯდა.

ჯამში ისე გამოდიოდა, რომ ბარიერს ქვევით 10% იყო თითქოს გაუნაწილებელი, რაც გამორიცხულია. ანუ, ეს თეორიულად შეიძლება მოხდეს, მაგრამ პრაქტიკულად ეს არის გამორიცხული. ეს სამნახევარი პროცენტი, პრაქტიკულად ზუსტად დაემთხვა იმ მონაცემებს, რაც ჰქონდა ცესკოს ბათილ ბიულეტენებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ძალიან მარტივი დასადგენი იყო ის, რომ აქ ვიღაცამ ბათილი ბიულეტენები მიათვალა.

ყველაზე საინტერესო იყო ის, რომ ჩვენ ამაზე მივანიშნეთ იმთავითვე, ბრიფინგი 3 ნოემბერს ჩავატარეთ. მე მივეცი ეს ინფორმაცია მამუკა მდინარაძეს, რომელმაც 3 ნოემბერს ჩაატარა ბრიფინგი და პირდაპირ ეს ეჭვი გამოითქვა. ასეთ დროს, შენ თუ არ ხარ დაინტერესებული ხარვეზში და მანიპულაცია არ გინდა განახორციელო შეგნებულად, ბუნებრივია, ინტერესდები საკუთარი მონაცემებით და თუ დასაკორექტირებელია რაღაც, უნდა დააკორექტირო. ძალიან მარტივი ლოგიკაა ხომ? მით უმეტეს, PVT-ის ცდომილება გახდა ერთ-ერთი მთავარი საფუძველი არჩევნების გაყალბებაზე საუბრისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ამ მიზნით ასევე ISFED-ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზეც ისაუბრა.

„ჩვენ ვითხოვდით მათთან შეხვედრას, რომელიც შედგა 16-ში ISFED ხელმძღვანელთან. ჩვენმა წარმომადგენლებმა მათგან აბსოლუტურად გაუგებარ და ურთიერთგამომრიცხავი პასუხები მოისმინეს. ამის შემდეგ, კიდევ სამი კვირა დასჭირდა იმას, რომ გამოექვეყნებინათ დაზუსტებული მონაცემები და დღემდე, ჩვენ მაინცდამაინც სინანულს ვერ ვხედავთ სამწუხაროდ, ამ ორგანიზაციის მხრიდან. უფრო მეტიც, ხშირად ვისმენთ, ხოლმე მათგან კრიტიკას, მათ შორის მმართველი პარტიის მიმართ ამ არჩევნებთან დაკავშირებით. აკრიტიკებენ მათ შორის ცესკოს იმისათვის, რომ ჰქონდა დაუბალანსებელი ოქმები, მაშინ როდესაც სტატისტიკა იყო იგივე, რაც წინა არჩევნებში. როდესაც ერთი ოქმი გაბარია და იმას ვერ აბალანსებ და მერე ცესკოს ედავები ქალაქის უბნებსა და სოფლებში ოქმების დაუბალანსებლობას, ბუნებრივია, არა ხარ მაინცდამაინც სამართლიანი და წელში გამართული. ჩვენ ბევრი რამე გვიმყარებს იმ რწმენას, რომ ეს არ იყო ხარვეზი და შეცდომა, ეს იყო შეგნებული მანიპულაცია, რაც არის ძალიან მძიმე. თუმცა, ეს არის კარგი იმისთვის, რომ ჩვენ მომავალში დავიზღვიოთ თავი ასეთი მანიპულაციისგან“, – დასძინა კობახიძემ.

მისი თმით, ამ თემაზე მათ შეხვედრა ამერიკის ელჩთან, კელი დეგნანთანაც ჰქონდათ.

რა თქმა უნდა, გვქონდა შეხვედრა. მინდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთი ასეთი საუბარი მანამდე შედგა, ვიდრე ISFED-ი აღიარებდა ხარვეზს.

მანამდე ჩვენ გვქონდა ოპოზიციასთან შეხვედრის ერთ-ერთი რაუნდი, თუ არ ვცდები ეს იყო ბოლო რაუნდი მოლაპარაკებების, სადაც ეს საკითხი დავსვი. პარტიებიც ესწრებოდნენ ამას და პირდაპირ ვთქვი, რომ სახეზე იყო აშკარა მანიპულაცია. განვმარტე რაში მდგომარეობდა თვითონ ეს ხარვეზი და სხვათა შორის, ამას მოჰყვა მოგვიანებით ის, რომ ISFED-ს მოუწია თავისი ხარვეზის აღიარება. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ორი ელჩი, ამერიკის და ევროკავშირის. ბუნებრივია, მათთან ამაზე მუდმივი საუბარი მოგვიანებითაც გვქონდა.

მათ, საბოლოო ჯამში გადაწყვიტეს, რომ განტევების ვაცად ექციათ ISFED-ის ხელმძღვანელი, მაშინ როდესაც მასთან დაკავშირებით მანიპულაციის ეჭვი არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მანიპულაციის ავტორო იყო სწორედ გვარამიას პარტია და არა ხელმძღვანელი. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო ადამიანი, რომელსაც უბრალოდ კვალიფიკაცია არ ეყო, გადაემოწმებინა ეს მანიპულაცია“, – აღნიშნა კობახიძემ.

კითხვაზე, „გვარამიას პარტიას“ აქვს თუ არა იმის რესურსი, რომ ISFED-ი მონაცემებში ჩაერიოს და ცვლილებები შეიტანოს, პარტიის თავმჯდომარე აღნიშნულს არ გამორიცხავს.

„წესით, კი, რა თქმა უნდა. როდესაც ასეთი უხეში გადაცდომა ფიქსირდება, რასაც თითქმის ქვეყნის გადატრიალება მოჰყვა, ამას უნდა მოჰყვებოდეს სამართლებრივი რეაგირება. ანუ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ISFED-ის გაყალბება გახდა პარლამენტის საბოტაჟის, რევოლუციური სცენარის განვითარების მცდელობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი. ასეთ დროს, ბუნებრივია, გამოძიებაც შეიძლება დაინტერესდეს ამ საქმით, თუმცა მგრძნობიარე საკითხია. საქმე ეხება არასამთავრობო ორგანიზაციას, საქმე ეხება ისეთ პროექტს, რომელიც ამერიკელი და ევროპელი გადასახადის გადამხდელების ფულით დაფინანსდა. თუ აქ რაიმე გამოძიება უნდა დაიწყოს, ეს უნდა გაკეთდეს ალბათ, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები