ხათუნა ზახაშვილი: სამწუხაროდ, მსოფლიოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევები იზრდება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანლის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, მსოფლიოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევები იზრდება.
მისივე თქმით, პირველადი შეფასება, რომ კოვიდისთვის ხელმეორე ავადობა ნაკლებად შეიძლება, ყოფილიყო დამახასიათებელი, რეალობას არ შეესაბამება.
„სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში რეინფიცირების შემთხვევები იზრდება და პირველადი შეფასება, რომ კოვიდისთვის ხელმეორე ავადობა ნაკლებად შეიძლება, ყოფილიყო დამახასიათებელი, რეალობას არ შეესაბამება. მთელ მსოფლიოში ხდებიან ადამიანები კოვიდით მეორედ ავად, განსაკუთრებით – ეს შეიძლება იმ ქვეყნებს დააწვეს მძიმე ტვირთად, სადაც პირველ შემთხვევაში დიდი რაოდენობა ერთ შტამთან, Sars-Cov-2-თან იყო დაკავშირებული, ახლა კი ცირკულირებს განსხვავებული შტამები, მათ შორის ვართ საქართველოც, სადაც ახალი შტამების ცირკულირება მაღალ პროცენტს აღწევს. რა თქმა უნდა, რეინფიცირების საეჭვო შემთხვევების რაოდენობა მატულობს, თუმცა ეს ძალიან დიდი არ არის. ყველა შემთხვევა, როდესაც რეინფიცირებაზეა ეჭვი, დამატებითი მოკვლევა მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ეპიდემიოლოგიურ კვლევას, შემდეგ კი მათი სინჯების მოკვლევას. ჩვენ ქვეყანაში სწრაფი ტესტებითაც კეთდება დიაგნოსტიკა და „პისიარითაც“. თუმცა, იმისთვის, რომ რეინფიცირების დიაგნოზი დაისვას, ორივე სინჯი უნდა არსებობდეს, ანუ უნდა იყოს სინჯი „პისიარ“ კვლევისთვის და შემონახული უნდა ჰქონდეს ლაბორატორიას. ხშირად ყველა მოცემულობის თანხვედრა არ ხდება. რეინფიცირების კვლევისა და დიაგნოზისთვის ვსარგებლობთ ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის კვლევის პროტოკოლით და ეს შემთხვევები ორ კატეგორიად გვაქვს გაყოფილი. ერთი არის კატეგორია, რომელშიც ხვდება შემთხვევები, როდესაც ხელმეორედ სიმპტომების გამოვლენა და დადებითი ლაბორატორიული შედეგის მიღება 90 დღემდე ხდება, მეორე კატეგორიაში კი 90 დღის შემდეგ”, – განაცხადა ზახაშვილმა.