ბიძინა კულუმბეგოვი: არ არის გამორიცხული მეოთხე ტალღა, ეს ვირუსის ბუნებრივი ცირკულაციაა და, ალბათ, გარდაუვალი იქნება

“არ არის გამორიცხული მეოთხე ტალღა, ეს ვირუსის ბუნებრივი ცირკულაციაა და, ალბათ, გარდაუვალი იქნება”, – ამის შესახებ ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, რომელიც არის დასახული და მიზნად ისახავდა მოზრდილი მოსახლეობის 60% აცრას, ეს არის დაახლოებით თითქმის 4 მილიონი ვაქცინის დოზის საჭიროება, დანაკარგის გათვალისწინებით.

„ამ გადმოსახედიდან, ეს წლევანდელი წლის ბოლომდე არარეალური გეგმაა, დასაწყისშიც ასე მიმაჩნდა. მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ შეიძლება, ჩვენ მოზრდილი მოსახლეობის სრული ნაწილი, მათ შორის, ჯანმრთელიც ვერ ავცრათ, მაგრამ ყველაზე მაღალი რისკფაქტორის მქონე ადამიანები თუ გაიკეთებენ ამ ვაქცინას, მათ შორის მოცვა იქნება 60-70%. ეს ჩვენ შესაძლო მესამე და მეოთხე ტალღებს აგვარიდებს. ტალღის არსი რაშია, არა დავითვალოთ რამდენი ადამიანია ინფიცირებული, არამედ რამდენი მათგანი ხვდება კლინიკაში, ანუ ჰოსპიტალური სექტორი გადაიტვირთება თუ არა. ინფექციის რაოდენობა შეიძლება, იყოს მაღალი, მაგრამ იმ კატეგორიებს სჭირდეთ ეს, რომლებიც სახლში ადვილად იხდიან ამ დაავადებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მოვახერხოთ და რისკის მქონე ადამიანებს გავიკეთოთ ვაქცინა. ფოკუს ჯგუფებში უნდა იყოს ინტენსიური მუშაობა, მათ განვუმარტოთ, რა მნიშვნელობა და ღირებულება აქვს მათთვის ვაქცინას, რადგან 60 წლის ზემოთ 50 ვაქცინირებული ადამიანიდან ერთი სიცოცხლის გადარჩენა ხდება, ალბათობა მათ შემთხვევაში ვირუსის ლეტალურად დასრულების რისკი მაღალია.

გვაქვს ლიმიტირებული რაოდენობა დოზების და ვფიქრობ, პრიორიტეტული ჯგუფები თუ გაფართოვდებიან, 18-65 ან 18-45 წლამდე იმ ადამიანებისთვის უნდა გაფართოვდეს, რომლებიც, ასაკის მიუხედავად, ერთი რომელიმე ქრონიკულ დაავადებას ატარებენ. ამ ჯგუფებს მაინც თუ მოვიცავთ და მათთვის იქნება საყოველთაოობა ზაფხულის პერიოდში, ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი, რომ ჩვენ შემოდგომისთვის მაინც ვიყოთ მზად. არ არის გამორიცხული მეოთხე ტალღა. ეს ვირუსის ბუნებრივი ცირკულაციაა და, ალბათ, გარდაუვალი იქნება“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები