ენერგეტიკის განვითარების ფონდი: სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ „ნამახვანი ჰესის” პროექტის კონკურსთან დაკავშირებული ბრალდებები უსაფუძვლო და მცდარია
საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი არასამთავრობო ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC) მიერ გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, „ნამახვანი ჰესის” პროექტის განმახორციელებელი კომპანია არაუფლებამოსილი სუბიექტის მიერ შეირჩა გაუმჭვირვალედ. ფონდის დირექტორის გიორგი ჩიქოვანის თქმით, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ისევე როგორც რამდენიმე წლის წინ, ახლაც სრულად უფლებამოსილია ჩაატაროს მსგავსი ტენდერი. აღნიშნული ტენდერი 2015 წელს ენერგეტიკის სამინისტროს ინსტრუქციებისა და პროცედურების სრული დაცვით ჩატარდა. „რაც შეეხება სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გამოთქმულ კიდევ ერთ უსაფუძვლო ბრალდებას, რომ კომპანიის შერჩევის პროცესი არ იყო გამჭვირვალე, მინდა განვმარტო, რომ ტენდერში 26 საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანია მონაწილეობდა. ერთადერთი განმსაზღვრელი კრიტერიუმი, რისი მიხედვითაც შეირჩა „ქლინ ენერჯი გრუპი”, ყველაზე დაბალი ფასი იყო”, – აღნიშნა გიორგი ჩიქოვანმა. მისივე თქმით, ასევე ტყუილია და საფუძველს მოკლებულია ბრალდება, თითქოს ინვესტორი შეიცვალა და ახალი ინვესტორიც ჩანაცვლდა. „განაცხადების გაკეთების დროს კომპანიის დამფუძნებლები გახლდნენ ნორვეგიული კომპანია „ქლინ ენერჯი გრუპი ” და თურქული კომპანია “ენკა”, რომელიც დღესაც წარმოადგენს „ნამახვანი ჰესის” ინვესტორ კომპანიას”, – აცხადებს გიორგი ჩიქოვანი. ენერგეტის განვითარების ფონდის დირექტორის თქმით, მცდარია და სიმართლეს არ შეესაბამება ბრალდება, თითქოს ხელშეკრულების პირობების მოლაპარაკებების პროცსში საქართველოს ინტერესებს არავინ იცავდა. „მოლაპარაკების დროს ჩართულები იყვნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მაღალკვალიფიური იურისტები, ასევე სახელმწიფომ დაიქირავა საერთაშორისოდ აღიარებული და წარმატებული იურიდიული კომპანია White & Case, რომელიც თავიდან ბოლომდე ჩართული იყო პროცესში და მონაწილეობას იღებდა მოლაპარაკებების მთელ პერიოდში, რომელიც წარმატებით დასრულდა 2019 წლის აპრილში და დაიდო იმპლემენტაციის ხელშეკრულება. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ვთქვა – „ნამახვანი ჰესის” კასკადის ტენდერის პროცედურები იყო სრულად გამჭვირვალე, შეესაბამებოდა არსებულ კანონმდებლობას და არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” მიერ გავრცელებული ყველა ბრალდება სრულიად უსაფუძლო და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია”, – აცხადებს გიორგი ჩიქოვანი. გიორგი ჩიქოვანი, ენერგეტიკის განვითარების ფონდი, ნამახვანჰესი, ეკონომიკა.