შალვა პაპუაშვილი: აშკარაა ჩვენი მოქალაქეების განწყობა, რომ ოპოზიციის ბოიკოტს არ გააჩნია არანაირი საფუძველი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები შეაფასა.
მისი თქმით, კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოსახლეობისთვის ოპონენტების მიერ არჩეული ბოიკოტის გზა მიუღებელია.
“თქვენ იცით, რომ ჩვენ ჩვენი დათქმები გვაქვს ამ კვლევების ვალიდურობასთან დაკავშირებით, თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი იმდენად აშკარაა ჩვენი მოქალაქეების განწყობა, რომ ბოიკოტს არ გააჩნია არანაირი საფუძველი. მოქალაქეების 60 პროცენტი ამ კვლევითაც კი ამბობს, რომ ბოიკოტი მიუღებელია, ეს არის მთავარი გზავნილი. რასაც ჩვენ ვხედავთ, ამას კვლევები არ სჭირდება, ამას ვატყობთ ჩვენი ოპონენტების საპროტესტო აქციებით, რომლებზეც მოქალაქეები არ მიდიან, რეაქციებით, რომლებიც მოქალაქეებისგან მოდის, არავინ ამ ქვეყანაში და ამ ქვეყნის გარეთ მხარს არ უჭერს ბოიკოტს. თუ ისინი ამ კვლევებს ენდობიან, ხომ უნდა გაუსწორონ სიმართლეს თვალი მინიმუმ იმ კვლევების მიხედვით, რომელიც მათთვის არის სანდო. ამის მიუხედავადაც კი, თუკი ისინი მაინც არ შემოდიან პარლამენტში, ეს ან მიამიტობაა, საკუთარ გადაწყვეტილებაში გაჯიუტება და კაპრიზები ან ეს არის მიზანმიმართული, განზრახ ქცევა, რომ რამენაირად გამოიყენონ ყველა საშუალება ქვეყანაში სიტუაციის არევის, შიდა თუ გარე უკმაყოფილების გამოწვევის, რომ მიაღწიონ მთავარ საწადელს და მიიღონ ძალაუფლება, რომელსაც ვერ იღებენ არჩევნების გზით და ცდილობენ წაგლიჯონ ის მოქალაქეებს იმით, რომ გამოიწვიონ არეულობა და ამღვრეულ წყალში ნახონ ძალაუფლების წყარო”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეუთანხმებლობის ფონზე, მოქალაქეების 60% არ უჭერს მხარს ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას, მათ შორის, 42% – “სრულიად არ უჭერს მხარს” და 18% – “გარკვეულწილად არ უჭერს მხარს”. კვლევის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებს სურთ, რომ მათ მიერ არჩეულმა პოლიტიკოსებმა განაგრძონ საპარლამენტო საქმიანობა, მოსახლეობის აზრი ორად იყოფა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ: მოქალაქეების 45% მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ხოლო 45% ამის წინააღმდეგია.