ნატო რუსეთს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებს
“რუსეთის დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედება ძირს უთხრის აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბულობის დეესკალაციის ყველა მცდელობას”, – განაცხადა ნატო-ს წარმომადგენელმა გერმანულ გაზეთ Die Welt- თან საუბარში.
მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
“ალიანსის წევრებმა პირველ აპრილს შავ ზღვაში შექმნილი ვითარება განიხილეს. ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა გამოხატეს შეშფოთება რუსეთის მასშტაბური სამხედრო მოქმედებების გამო უკრაინასა და მის გარშემო. მოკავშირეები ასევე შეწუხებულნი არიან იმის გამო, რომ რუსეთმა 2020 წლის ივლისის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაარღვია, რამაც გასულ კვირას ოთხი უკრაინელი ჯარისკაცის დაღუპვა გამოიწვია”, – განაცხადა ალიანსის წარმომადგენელმა.
მანამდე, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა მხარეებს თავშეკავებისა და დაუყოვნებლივი დეესკალაციისკენ მოუწოდეს, ასევე, მიუთითეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის ზრდაზე.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელი საკითხს უკრაინულ მხარესთან ევროკავშირის მინისტერიალის მომდევნო სამიტზე განიხილავს.
აშშ-მა რუსეთს უკრაინის საზღვარზე “პროვოკაციების” განმარტება სთხოვა.