„ძველი ქართული კედლის მხატვრობა – მონაცემთა ელექტრონული ბაზა“ – პროექტის წარდგენა

6 აპრილს, 18 საათზე, zoom-ის პლატფორმაზე პროექტ „ძველი ქართული კედლის მხატვრობა – მონაცემთა ელექტრონული ბაზა“ წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, თსუ  ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტთან არსებული ქართული ხელოვნების კვლევის ცენტრის მიერ მომზადდა ელექტრონული რესურსი „ძველი ქართული კედლის მხატვრობა – მონაცემთა ელექტრონული ბაზა“.
პროექტის პირველი ეტაპი, რომელიც VI-XI საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობის ძეგლების შესახებ მონაცემების თავმოყრას და მათ საგანგებო ვებგვერდზე განთავსებას გულისხმობდა, განხორციელდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საგრანტო კონკურსის „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში.
მონაწილეები: ზაზა სხირტლაძე (პროექტის ხელმძღვანელი), სალომე მელაძე, ელისაბედ უგულავა, ქეთევან გონგაძე, თამარ ლეთოდიანი, ირაკლი თეზელაშვილი, გია შერვაშიძე (ტექნიკური უზრუნველყოფა)
პროექტი „ძველი ქართული კედლის მხატვრობა – მონაცემთა ელექტრონული ბაზა“ წარმოადგენს ძველი ქართული მონუმენტური მხატვრობის ძეგლთა ციფრულ კორპუსს; თანამედროვე სტანდარტების გამოყენებით ადგილობრივ და უცხოელ სამეცნიერო წრეებს თუ, საზოგადოდ, ქართული კულტურული მემკვიდრეობით დაინტერსებულ საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, ეს უაღრესად საინტერესო მასალა მარტივად ხელმისაწვდომი გახდეს. მრავალწლიანი პროექტის განხორციელება ოთხ ეტაპად, ქრონოლოგიური პრინციპის შესაბამისად, დაიგეგმა: VII-XI სს., XII-XIII სს., XIV-XV სს. და XVI-XVIII სს.
პროექტის პირველი ეტაპი განხორციელდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში. სახელდობრ, შეიქმნა VII-XI საუკუნეების კედლის მხატვრობის ძეგლების მონაცემთა ბაზა.
ქართული კედლის მხატვრობის მონაცემთა სამეცნიერო-პოპულარული ვებგვერდი განკუთვნილია როგორც ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებისთვისა და სტუდენტებისთვის, ისე – ქართული კულტურით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისთვის. განზრახულია, რომ ძველი ქართული კედლის მხატვრობის ძეგლთა ელექტრონული ბაზა საფუძვლად დაედება უფრო ვრცელი მრავალტომეული კორპუსის ბეჭდურ გამოცემას.
პროექტი ხორციელდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის და თეორიის ინსტიტუტში და ინსტიტუტთან არსებულ ქართული ხელოვნების კვლევის ცენტრში.

https://zoom.us/j/4234856302…
Meeting ID: 423 485 6302
Passcode: 06042021

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები