„შეხვდი მეცნიერს“ – ნანა ბურჭულაძე
8 აპრილს, 16:00 საათზე, ეროვნული მუზეუმის ონლაინსაუბრების სერიის – „შეხვდი მეცნიერს“ ფარგლებში, მომდევნო შეხვედრა გაიმართება ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის შუა საუკუნეების კოლექციების მთავარი კურატორთან,.ნანა ბურჭულაძესთან.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ლექციის მიზანია, მსმენელი გაეცნოს ხელოვნების მუზეუმის საგანძურში დაცული ქრისტიანული სიძველეების შეგროვების, კვლევისა და რესტავრაციის ისტორიას, რომელიც XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან იღებს სათავეს და საქართველოში სამუზეუმო საქმიანობის განვითარების ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორად ითვლება. ამ პროცესში ერთობლივად მონაწილეობდნენ ქართველი სახელმწიფო და სასულიერო მოღვაწეები, რომელთაც სურდათ საეკლესიო საგანძურის არა მხოლოდ გადარჩენა, არამედ მეცნიერული შესწავლაც. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო შუა საუკუნეების საქართველოს სასულიერო კულტურისა და სახვითი ხელოვნების შესახებ ცოდნის ჩამოსაყალიბებლად და გასაღრმავებლად.
„შეხვედრის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე და ნივთზე გამახვილდება ყურადღება, რომ აუდიტორიას წარმოდგენა შეექმნას იმ ხანგრძლივსა და რთულ გზაზე, რომელიც ხელოვნების მუზეუმში დაცულმა ეროვნულმა საგანძურმა დღემდე გამოიარა. საუბარი იქნება იმაზეც, რაც მისი კვლევისა და პოპულარიზაციისათვის უკანასკნელ პერიოდში ხორციელდება“, – აღნიშNულია ეროვნული მუზეუმის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
შეხვედრა ZOOM-ის პლატფორმაზე გაიმართება .
დასასწრებად, აუცილებელია რეგისტრაცია: https://bit.ly/3wkMYBE