კრემლი: უკრაინაში აშშ-ის ან ნატო-ს ჯარების განთავსება დაძაბულობას გაზრდის

“უკრაინაში აშშ-ის ან ნატო-ს ჯარის განთავსება რუსეთის საზღვართან დაძაბულობას გაზრდის, რაც მოსკოვს აიძულებს, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებითი ზომები მიიღოს”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

 

“რასაკვირველია, ასეთი სცენარი რუსეთის საზღვრებთან დაძაბულობის მატებას გამოიწვევს და რასაკვირველია, ეს გამოიწვევდა რუსული მხარის მხრიდან დამატებითი ზომების გატარების აუცილებლობას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”, – თქვა პესკოვმა.

 

კითხვაზე, თუ რა დამატებითი ზომები შეიძლება, გახდეს საჭირო, პესკოვმა უპასუხა: ” ყველაფერი, რაც საჭირო იქნება”.

 

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ამზადებს მასშტაბურ პროვოკაციებს და შესაძლოა, ქვეყანაში შეიარაღებული ფორმირებები შეიყვანოს. გუშინ გახდა ცნობილი, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპულმა სარდლობამ შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნის უმაღლეს დონემდე მას შემდეგ მოიყვანა, რაც დონბასში ოკუპანტებმა დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და ოთხი უკრაინელი ჯარისკაცი მოკლეს, ხოლო რუსეთმა უკრაინის საზღვართან ჯარის მობილიზება დაიწყო.

 

აღნიშნულს ასევე შეერთებული შტატები გამოეხმაურა. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, აშშ აფრთხილებს რუსეთს, შეეშვას კიევის “დაშინებას”, უკრაინის საზღვართან ჯარის მობილიზების შესახებ ინფორმაციის ფონზე.
დღეს კი ბრიუსელში ნატო-ს წევრი ქვეყნები შეიკრიბნენ და შექმნილი ვითარება განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები