ნატო-ს ელჩებმა ბრიუსელში საგანგებო შეკრება გამართეს, რომელზეც დონბასში ძალადობის ბოლოდროინდელი აფეთქება და უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარის ზრდა განიხილეს.
როგორც Reuters-ი წერს, ნატო-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოსკოვი აღმოსავლეთ უკრაინაში სამშვიდობო ძალისხმევას ძირს უთხრის.
”მოკავშირეებმა ერთმანეთს უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის ბოლოდროინდელი ფართომასშტაბიანი სამხედრო აქტივობის შესახებ შეშფოთება გაუზიარეს. მოკავშირეები ასევე შეშფოთებულნი არიან რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევებით, რამაც გასულ კვირას ოთხი უკრაინელი ჯარისკაცი იმსხვერპლა”, – თქვა მან და დასძინა, რომ რუსეთის დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედება ძირს უთხრის დაძაბულობის დეესკალაციის მცდელობებს.
უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ამზადებს მასშტაბურ პროვოკაციებს და შესაძლოა, ქვეყანაში შეიარაღებული ფორმირებები შეიყვანოს.
გუშინ გახდა ცნობილი, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპულმა სარდლობამ შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნის უმაღლეს დონემდე მას შემდეგ მოიყვანა, რაც დონბასში ოკუპანტებმა დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და ოთხი უკრაინელი ჯარისკაცი მოკლეს, ხოლო რუსეთმა უკრაინის საზღვართან ჯარის მობილიზება დაიწყო.
აღნიშნულს ასევე შეერთებული შტატები გამოეხმაურა. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, აშშ აფრთხილებს რუსეთს, შეეშვას კიევის “დაშინებას”, უკრაინის საზღვართან ჯარის მობილიზების შესახებ ინფორმაციის ფონზე.