ევროპარლამენტარები გამოდიან ინიციატივით, რომ საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერება მოხდეს

ევროპარლამენტარები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც მწუხარებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ქართველი პოლიტიკური ლიდერები ევროკავშირის მედიატორის, კრისტიან დანიელსონის წინადადებას არ დათანხმდნენ და ამბობენ, რომ ეს გავლენას მოახდენს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე.

„ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულნი ვართ საქართველოში პოლიტიკური ლიდერების მიერ შეთანხმების მიღწევის უუნარობის გამო, პოლიტიკური კრიზისის დასრულებაში დასახმარებლად ევროკავშირის მაქსიმალური ძალისხმევის მიუხედავად. ამ შედეგში დამნაშავე არიან როგორც მმართველი, ისე  – მთავარი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მთავრობაში არსებულ პარტიას ეკისრება. ჩვენ ვადასტურებთ ძლიერ მხარდაჭერას კრისტიან დანიელსონის დაუღალავი მუშაობისადმი და მივესალმებით პოლიტიკური პარტიებისადმი მის მიერ გაკეთებული შეთავაზების გამოქვეყნებას, რაც კიდევ უფრო ზრდის მედიაციის პროცესის გამჭვირვალობას. უკიდურესად მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების აქტორებს შორის ნდობის აღდგენა.

ამ შეთანხმების შინაარსი ნამდვილად სწორი გზაა საქართველოსთვის: ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმები, საქართველოს პარლამენტში პასუხისმგებლობის აზრიანი განაწილება და, რაც ყველაზე მთავარია, მომავალ არჩევნებსა და პოლიტიზებული მართლმსაჯულების ორ საქმესთან დაკავშირებული გამოსავალი. აღნიშნული გამოსავალი პოლიტიკურად დაბალანსებულია და პატივს სცემს როგორც კანონის უზენაესობას, ისე – 2020 წლის არჩევნების საერთაშორისო შეფასებას.  ასევე, მივესალმებით ჟან-მონეს დიალოგის პროცესს ევროპარლამენტის მხარდაჭერით, როდესაც ამის საშუალებას პოლიტიკური სიტუაცია შექმნის.

პოლიტიკური პარტიების მიერ კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს ლიდერები არ უნდა ელოდონ ევროკავშირისგან საქმის ჩვეულებრივ გაგრძელებას. კერძოდ, ევროპარლამენტის მხრიდან იქნება მოწოდება, რომ მომხდარს შედეგები მოჰყვეს ევროკავშირის ფინანსური დახმარების თვალსაზრისით, მათ შორის, შემდგომი თანხების გამოყოფის შეჩერების, ასევე, პირობითობის გაზრდის მხრივ ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებასა და მხარდაჭერის საბიუჯეტო პროგრამებთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მიღება საჭიროებს ფართო პოლიტიკურ მხარდაჭერასა და ეუთო/ოდირ-ისა და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულებას.

ეს რეფორმები არის საკვანძო მნიშვნელობის ნდობის აღსადგენად. ჩვენ მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, უზრუნველყოს ჭეშმარიტად ინკლუზიური პროცესი, რათა თავიდან იქნას აცილებული მომავალი არჩევნებისა და სასამართლოს სისტემისთვის ძირის გამოთხრა, ასევე, მომავალში შესაძლო შეთანხმებისთვის კარის არასაჭირო დახურვა. მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, იმოქმედონ დაუყოვნებლივ. ფსონი დევს ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების მომავალზე“, – ნათქვამია ევროპარლამენტის წევრების ერთობლივ განცხადებაში.

დოკუმენტს ხელს აწერენ:

დევიდ მაკალისტერი (გერმანია), საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და დემოკრატიის მხარდაჭერისა და საარჩევნო კოორდინაციის ჯგუფის თანათავმჯდომარე;

მარინა კალიურანდი (ესტონეთი), დელეგაციის თავმჯდომარე სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობებში;

ანდრიუს კუბილიუსი (ლიტვა), ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარე;

ვიოლა ფონ კრამონი(გერმანია), დემოკრატიის მხარდაჭერისა და საარჩევნო კოორდინაციის ჯგუფის მთავარი წევრი საქართველოში;

სვენ მიკსერი (ესტონეთი), ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი საქართველოს შესახებ;

მაიკლ გალერი (გერმანია), ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი უკრაინის საკითხებზე;

პეტრას აუშტრიავიჩიუსი (ლიტვა), ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი ბელორუსის შესახებ.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები