„ერთხელ სიკვდილი რას მიზამს“ – ტიციან ტაბიძის დაბადების დღე
2 აპრილი ტიციან ტაბიძის დაბადების დღეა. მას 126 წელი შეუსრულდებოდა.
დაიბადა 1895 წლის 2 აპრილს სოფელ ჭყვიშში.
1905 წლიდან სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. მისი ნოველები, მინიატურები და ლექსები უკვე 1911 წლიდან იბეჭდებოდა. 1911 წლიდან სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. იყო ერთ-ერთი დამაარსებელი, ხელმძღვანელი და თეორეტიკოსი „ცისფერყანწელთა“ სიმბოლისტური ორდენისა, ავტორი ცნობილი წერილისა — „ცისფერი ყანწებით“. რედაქტორობდა გაზეთ „ბარიკადს”.
ლირიკულ ლექსებთან ერთად წერდა: პოემებს, მინიატურებს, წერილებს, ესეებს, ლიტერატურულ ნარკვევებს, თარგმნიდა სხვადასხვა ქვეყნის პოეტთა ნაწარმოებებს. ტაბიძეს ეკუთვნის თარგმანები ფრანგული და რუსული ენებიდან. მან თარგმნა ა. პუშკინის, ი. ბუნინის, ვ. მაიაკოვსკის, ლ. არაგონისა და სხვათა თხზულებები. 1935 წელს მოსკოვში გამოიცა მისი პოეტური კრებული რუსულ ენაზე. ტიციანის ლექსები თარგმნილია ფრანგულ, ინგლისურ, პოლონურ, იტალიურ და სხვა ენებზე.
1937 წელს, ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით, დააპატიმრეს და დახვრიტეს. სხვა ვერსიით, გადასახლებამისჯილი პოეტი ციმბირის ტრამალზე ჩამოსვეს და თოვლიან ქარბუქში მიატოვეს. მისი საფლავი არ არსებობს.
…
სამჯერ ვარ დაბადებული,
მონათლულიც ვარ სამჯერა,
ერთხელ სიკვდილი რას მიზამს,
ერთხელ სიკვდილის არ მჯერა.
შეხედეთ ოქროს მზეთამზეს,
მთები რომ მთებზე ეყარა;
ყოველდღე ამას ხედავდეს,
რა მოკლავს ასეთ ქვეყანას?!
მოვა სიკვდილი, შეხედავს
და შერცხვენილი გაიარს,
როცა ცა სისხლით შეღებავს
თურაშაულის განთიადს.
ტიციან ტაბიძე