ჩანახატი-მოსაგონარი – ზურაბ ქაფიანიძის დაბადების დღე

ზურაბ ქაფიანიძის დაბადების დღეს, 1 აპრილს, აღმოსავლეთმცოდნე ნომად ბართაია ეხმიანება სოციალურ ქსელში და აქვეყნებს ერთ თავს „მხიარული ავტობიოგრაფიული ჩანახატების“ მესამე წიგნიდან, რომელიც მალე გამოიცემა.

ზურაბ ქაფიანიძესთან „რაჭაში“

ზურაბ ქაფიანიძემ დამირეკა ირანში წასვლასთან დაკავშირებით. შევხვდით ერთმანეთს ისტორიკოს თეიმურაზ მიჩბუანთან და მსახიობ მერაბ თავაძესთან ერთად.
ზურაბი ქართულ-შუმერულ ურთიერთობათა კვალს დაეძებს ელამელებში, ელამელები კი ირანში არიან შემორჩენილნი. ფინანსები მოძიებული აქვს.
გამოიკვეთა შემდეგი: მანქანით წასვლა ვამჯობინეთ თვითმფრინავით ჩაფრენას, რადგან სანახავი ბევრი ქვექნება ამ უძველესი ცივილიზაციის მქონე ქვეყანაში და ჩვენს გემოზე ვივლით.
გადავწყვიტეთ, ამასთან დაკავშირებით მივმართოთ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს საქართველოში.
ზურაბმა თქვა, ელჩი მიცნობს, როგორც ირანთან მეგობრობის საპარლამენტო კომისიის წევრსო. ზურაბი ხომ პარლამენტარია.
შემდეგ მან, როგორც რაჭველმა, სასადილო „რაჭაში“ წამიყვანა.
დატრიალდნენ რაჭველები. გაიშალა გემრიელი სუფრა. შეუკვეთა ერთი დოქი ღვინო ზურაბმა. შევყევით.
ზურაბ ქაფიანიძეს ვინ არ იცნობდა და ვინ არ სცემდა პატივს, ხან ერთი სუფრიდან დალოცეს იგი, ხან – მეორე, ხან ერთ სუფრაზე მიიპატიჟეს, ხან – მეორეზე. მაგიდები არ გაგვიერთიანებია, თორემ დარბაზი გაერთიანდა.
ზურაბმა რომ ანიშნა მებუფეტეს და მესამედ დაქგვიდგეს იმ სიცხეში კარგა ზორბა დაცვარული დოქით ღვინო, შევაბრალე თავი:
– ცოდო ვარ, ბატონო ზურაბ, დავთვრები-მეთქი!
– რომ დათვრე, იმიტომ შევუკვეთე მესამე დოქი, ხომ უნდა ვიცოდე, ამხელა გზაზე, ვისთან მივემგზავრებიო!

                                                                                                                              ნომადი ბართაია

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები