„ყველაფერი იცვლება” – სანდრო ანთაძის პერსონალური გამოფენა
1 აპრილს, 16:00 საათზე,, კაფე-გალერიში“ სანდრო ანთაძის პერსონალური გამოფენა – „ყველაფერი იცვლება” გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი სერიის ნამუშევრები იმ ნივთებზეა, რომლებიც, არც ისე შორეულ წარსულში, ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილს შეადგენდა და რომლებიც, მოგონებებისა და შეგრძნებების დონეზე, დღემდე ამ პერიოდთანაა გადაჯაჭვული.
საბჭოთა პერიოდში ყველაფერი ერთნაირი იყო: ტელეფონები, რომლებიც სულ რამდენიმე სახეობის გამოდიოდა და ყველა ოჯახს მსგავსი ჰქონდა, ტელევიზორები, თითქმის ყველა ელექტრონული მოწყობილობა, ავეჯი, სტანდარტული ტანსაცმელი, სტანდარტული სახლები, სტანდარტული ტრანსპორტი – აზროვნებაც კი, სტანდარტული იყო. ხანდახან, ამ ყველაფერზე დაფიქრებისას, ცოტა ჟრუანტელი მივლის, – დაუჯერებელია, თუ რა გაუგებარ უცნაურობაში ვიცხოვრეთ, თითქოს ვიღაცის მიერ მოგონილი არაბუნებრივი ექსპერიმენტის მონაწილეები ვიყავით. ეს წარსული უკვე ჩვენთვისაც ისეთივე რთულად წარმოსადგენი გახდა, როგორც იმ ადამიანებისთვის, ვისაც არასოდეს უცხოვრია მასში. თუმცა, ნივთებს, – მათ თავიანთი მახსოვრობა აქვთ. ვისაც მათთან ერთად უცხოვრია, აუცილებლად გაახსენდება მათი თვისებები და ბევრი ისტორიაც, თუ ვისთან რეკავდნენ ამ ტელეფონებით, რას უყურებდნენ ამ ტელევიზორებით, რას უსმენდნენ ფირსაკრავზე და რომელ საათზე აყენებდნენ მაღვიძარას, სკოლაში ან მუსიკალურ სასწავლებელში რომ არ დაგვიანებოდათ.
ეს ნივთებიც უკვე შეიცვალა და თითქმის გაქრა, აღარავის აქვს. ყველაფერი იცვლება… ჩვენც ვიცვლებით, მაგრამ ცხოვრება ისევ ისე მიედინება, როგორც ადრე. დღევანდელი ნივთები, რომელშიც ამ ნაწერს ვკითხულობთ – ისინიც შეიცვლება, სულ რამდენიმე წლის შემდეგ ჩაბარდება ისტორიას. ყველაფერი იცვლება, მაგრამ, კვალს, – მოგონებას და ემოციას, რომელიც მთელი ცხოვრება შეიძლება გაგვყვეს – ყველაფერი ტოვებს.
ნახეთ გამოფენა და მოგვიყევით თქვენი განცდილი ემოციებისა და გაცოცხლებული ისტორიების შესახებ.
საგამოფენო სივრცის გარდა, ღია იქნება სახელოსნოც (ზედა სართულზე), სადაც ამ სერიის გარდა, დამთვალიერებელი სხვა ნამუშევრების ნახვასაც შეძლებს“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოფენა ჩატარდება კოვიდრეგულაციების დაცვით.
მის: ალექსანდრე გრიბოედოვის ქ.34